უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის პარალელურად, საქართველოს პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტს ღია წერილით მოუწოდა, ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის იმ ნაწილს გაემიჯნოს, სადაც აღნიშნულია რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური მმართველია და რუსეთთან კავშირების გამო სანქციები უნდა დაუწესდეს.
„ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება"ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი
„ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ქვეყნის პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს ასევე ატყობინებს, რომ „რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად“, რაც ღარიბაშვილის აზრით, ყოფილი პრემიერის კანონიერი უფლებების შელახვა და ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციაა.
Your browser doesn’t support HTML5
ღარიბაშვილამდე ივანიშვილი საქართველოს პარლამენტის სპიკერმაც დაიცვა, „ყველა ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიუხედავად, „ოცნების“ ლიდერების მტკიცებისა, რომ პრემიერის ეს წერილი არ არის ბიძინა ივანიშვილის დასაცავად დაწერილი, რადგან „ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება“, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, ღარიბაშვილის ოფიციალური მიმართვა, სწორედ ასე იქნა აღქმული.
„რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით.. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს“იან კელი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
„რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, უგულებელყოფს ევროკომისიის სხვა პუნქტებს საჭირო რეფორმების გატარების შესახებ?
სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს“ - ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილის წერილს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი.
„ღარიბაშვილის წერილი, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს მისწერა, იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესს ემსახურება“ - ეს უკვე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შეფასებაა, რომელიც მან ტვიტერით გაავრცელა.
ნიშანდობლივია, რომ პრემიერ ღარიბაშვილის 12 ივლისისა და 18 ივლისის ვრცელ წერილებს, ივანიშვილსა და დეოლიგარქიზაციის შესახებ, წინ უსწრებდა, შვეიცარიის ბანკის Credit Suisse-ის 5 ივლისის გადაწყვეტილება - საერთოდ შეეჩერებინა გადმორიცხვები ივანიშვილისთვის. ამ ბანკთან "ქართული ოცნების" არაფორმალურ ლიდერს მრავალწლიანი დავა აქვს.
ბანკმა თავის კლიენტს ივანიშვილს აცნობა, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციამ, სადაც არის პირდაპირი მოწოდება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, „წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე“ ანუ არ გადმოურიცხავს კუთვნილ მილიონებს ივანიშვილს, სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა ქართულმა იურიდიულმა კომპანია "ემ ქეი დიმ" გაავრცელა.
Your browser doesn’t support HTML5
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება, ღარიბაშვილის წერილს ჯერ არ გამოხმაურებია.
„მე მგონია, რომ ეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ რომ არ ყოფილიყო მაინც მკვეთრად უარყოფითი იქნებოდა „ოცნების“ პოზიცია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პოლიტოლოგმა, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ.
რა რეფორმებიც არის ბრიუსელიდან მოთხოვნილი, ეს არის ყველაფერი რაც აიძულებს ხელისუფლებას, შექმნას შედარებით, კონკურენტული გარემო, პოლიტიკური ბრძოლისთვის, ასეთი გარემოს შექმნა კი იმას გულისხმობს, რომ იზრდება რისკი, რომ შემდეგი არჩევნების დროს ხელისუფლებას დაკარგავ. სწორედ ეს არის მთავარი, შიში, რომელიც „ოცნებას“ დღეს აერთიანებსბაკურ კვაშილავა, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
მისი თქმით, "რა რეფორმებიც არის ბრიუსელიდან მოთხოვნილი, როგორიც არის სასამართლო რეფორმა, კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკა, ეს არის ყველაფერი ის, რაც აიძულებს ხელისუფლებას, შექმნას შედარებით თანასწორი, კონკურენტული გარემო პოლიტიკური ბრძოლისთვის, ასეთი გარემოს შექმნა კი თავისთავად იმას გულისხმობს, რომ იზრდება რისკი, რომ შემდეგი არჩევნების დროს ხელისუფლებას დაკარგავ.
სწორედ ეს არის მთავარი - შიში, რომელიც „ოცნებას“ დღეს აერთიანებს. ეს შიში არ არის უსაფუძვლო, რადგან ფაქტიურად, თავიანთი პოლიტიკით, „ოცნებამ“ ეჭვქვეშ დააყენა, ბოლო 17 წლის განმავლობაში, არსებული ერთიანი სტრატეგია, რომელსაც ეთანხმებოდა პოლიტიკური ელიტის ყველა წარმომადგენელი, იქნებოდა ის მთავრობაში თუ ოპოზიციაში, ეს არის ჩვენი განუხრელი სვლა ევროპისკენ“ - მიაჩნია ბაკურ კვაშილავას.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ივნისში, ევროპარლამენტის რეზონანსულ რეზოლუციაზე განაცხადა, რომ ამ რეზოლუციას მისთვის "ჩალის ფასი" აქვს, თუმცა, ახლა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პასუხი „სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის“ დასაცავად მნიშვნელოვანი იქნება.
Your browser doesn’t support HTML5
„არა მგონია „ოცნებამ“ რაიმე სერიოზული გააკეთოს, თუნდაც, იგივე, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, რომელიც იყო, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მოლდოვას და უკრაინის მიმართ, ერთ-ერთი რეკომენდაცია“ - გვითხრა პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ.
როგორც „ოცნებისთვის“ არის რთული რომ დისტანცია დაიჭირონ ივანიშვილისგან, ისევე არის სხვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. ეს განასხვავებს კიდეც ქართულ და ევროპულ დემოკრატიებს. იქ ლიდერია პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული პარტიის წინაშე. ჩვენთან კი პარტია, როგორც ასეთი, ეკუთნის ლიდერს“გიორგი გობრონიძე, პოლიტოლოგი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
„ ეს არის ზოგადად ქართული პოლიტიკური კლასის პრობლემა. თუ ვსაუბრობთ, ქართულ დემოკრატიაზე მთლიანობაში, ეს არის მთავარი პრობლემა. იმიტომ, რომ როგორც „ქართული ოცნებისთვის“ არის რთული, რომ მათ დისტანცია დაიჭირონ ივანიშვილისგან, ისევე სხვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არის რთული, რომ დისტანცირება მოახდინოს რაღაც ეტაპზე, საკუთარი ლიდერისგან.
ალბათ, ეს განასხვავებს კიდეც ქართულ და ევროპულ დემოკრატიებს ერთმანეთისგან. იქ ლიდერია პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული პარტიის წინაშე. ჩვენთან კი პარტია, როგორც ასეთი, ეკუთნის ლიდერს“ - ამბობს გიორგი გობრონიძე.
"დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების აღება და შესრულება, რაც საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე არაფორმალური მმართველის გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრას გულისხმობს, ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
"დეოლიგარქიზაციის" გარდა, ვალდებულებათა პაკეტი კიდევ 11 მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს, თუმცა, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, ჯერჯერობით, ვერცერთ საკითხზე თანხმდებიან.
“ოცნებამ” დღეს განაცხადა, რომ ჩაშლის პრეზიდენტის მიერ, ოპოზიციის მოთხოვნით მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სესიას. თავის მხრივ, ოპოზიცია უარს ამბობს, რომ ევროკავშირის პირობების დასაკმაყოფილებლად, „ოცნების“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით იმოქმედოს.
უკვე ცნობილია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ, 12 პუნქტის შესრულებას არა 2022 წლის დეკემბერში, როგორც ეს ადრე იყო ცნობილი, არამედ 2023 წლის შემოდგომაზე შეაფასებს.