მალტელი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა

მალტელი ჟურნალისტის, დაფნი კარუანა გალიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა. ჯორჯ დეჯიორჯიომ მკვლელობის საქმეზე ციხიდან პირველი კომენტარი გააკეთა. ეჭვმიტანილი ამბობს, რომ თუკი მას ჟურნალისტის შესახებ მეტი რამ ეცოდინებოდა, შეკვეთილი მკვლელობის აღსასრულებლად ის და მისი ორი თანამზრახველი მეტ თანხას მოითხოვდნენ.

მამაკაცმა დანაშაული "როიტერის" ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს აღიარა და თქვა, რომ მალე ის ჟურნალისტის მკვლელობის საქმის სხვა მონაწილეებსაც დაასახელებს. ამჟამად ის და მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი ციხეში იმყოფებიან.

"რომ მცოდნოდა, 10 მილიონ ევროს მოვითხოვდი და არა 150 000-ს", - თქვა მან იმ თანხაზე საუბრისას, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობისთვის გადაუხადეს. "ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ჩვეულებრივი ბიზნესი. რა თქმა უნდა ვწუხვარ", - თქვა მან ჟურნალისტთან საუბრისას.

ეს ინტერვიუ "როიტერის" ჟურნალისტებმა პოდკასტის "ვინ მოკლა დაფნი" მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ჩაატარეს.

ამ ინტერვიუმდე და აღიარებამდე დეჯორჯიოს ადვოკატები 2021 წლამდე მკვლელობის საქმეზე მისი ჩვენების სანაცვლოდ შეწყალების მიღებას ცდილობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ გალიციის მკვლელობისა და სხვა საქმეებში მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ჩართულნი.

გამომძიებელი ჟურნალისტის მანქანის აფეთქებამ მთელ ევროპაში შოკი გამოიწვია. მალტის ხელისუფლებამ ამ დანაშაულში ბრალი დეჯორჯიოს, მის ძმასა დ აკიდევ ერთ პირს წაუყენა.

დიჯორჯიო ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ის მზადაა ჟიურის წინაშეც აღიაროს ბრალი და ფარდა ახადოს მათ ვინაობას, ვინც ეს მკლელობა შეუკვეთა და ვინც მანამდეც გეგმავდა ჟურნალისტის ლიკვიდაციას. ეჭვმიტანილი ამბობს, რომ მისი მოტივი სასჯელის შემსუბუქება და ისაა, რომ ამ დანაშაულისთვის სხვებიც დაისაჯონ.