კუნძულ ზმეინზე უკრაინული დროშა აღიმართა - კიევი

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ კუნძულ "ზმეინიზე" კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც შაბ ზღვაში მდებარე მცირე კუნძულიდან უკრიანელებმა რუსული ძალების განდევნა მოახერხეს.

"სამხედრო ოპერაცია დასრულებულია და ტერიტორია უკრიანის იურისდიქციას დაუბრუნდა", - განაცხადა ნატალია ჰუმენიუკმა, უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრეს-სპიკერმა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის მიერ უკრიანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ამ კუნძულის დატოვება უკრაინული პორტების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. თუმცა ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლოა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტი შესაძლებელი გახდეს.

რუსეთი ამბობს, რომ კუნძული "ზმეინი" "კეთილი ნების ნიშნად" დატოვა, რათა ეჩვენებინა, რომ ის არ ეწინააღმდეგება გაეროს ძალისხმევას, გაიხსნას ჰუმანიტარული კორიდორი, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის გატანას შეუწყობს ხელს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ რუსული ძალები კუნძულიდან საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად განდევნეს.