კვირას რუსულ საჰაერო იერიშს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სლოვიანსკში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თავდასხმა რამდენიმე სარაკეტო სისტემიდან განხორციელდა.
ქალაქის მერის, ვადიმ ლიახის თქმით, ეს ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა იყო, რაც ქალაქზე ამ დრომდე მომხდარა. სარაკეტო იერიშმა ქალაქში, 15-მდე ადგილას ხანძარი გამოიწვია.
სლოვიანსკი დონეცკის რეგიონში მდებარეობს, რომლის სრულად ხელში ჩაგდებას, მას შემდეგ რაც ლუჰანსკის რეგიონი თითქმით სრულად დაიკავა, რუსეთი ცდილობს.
დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ტეტიანა იჰნატჩენკომ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თქვა, რომ თავდასხმისას 15 ადამიანი დაიჭრა. მისი თქმით, მეზობელ ქალაკ კრამატორსკში იმავე სარაკეტო სისტემის თავდასხმის შედეგად სასტუმრო განადგურდა.
24 თებერვალს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ტაქტიკა და უმთავრესი სამიზნეები რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ამჟამად რუსული მხარის მთავარი სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთია.