ევროკომისიის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა . პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციას „მოღალატეები“ ეძახა.
თუ კი ვინმე არის დამნაშავე იმაში რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც მიიღო მოლდოვამ, ეს არის ჩვენი ხელისუფლებაბაკურ კვაშილავა, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
„ეპითეტები“ ღარიბაშვილს არც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დააკლეს, პრემიერის თითქმის საათნახევრიანი მოხსენება ხმაურით, მაგიდაზე ბრაგუნით და ურთიერთლანძღვით მიმდინარეობდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ღარიბაშვილმა მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას, ოპოზიციამ კი ღარიბაშვილს დააკისრა.
"პირველი დათქმა, რომელიც ევროკომისიამ ჩაგვიწერა, იყო პოლარიზაციის დასრულება, არა თუ შემცირება, არამედ დასრულება. ის, რაც დღეს ვიხილეთ ამ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების მხრიდან, არის სწორედ პოლარიზების გაღვივების, გამძაფრების მცდელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ ყველანი, გვიწევს ასეთ შეურაცხყოფებზე რეაგირება" - განაცხადა "ოცნების" პრემიერ მინისტრმა.
პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, მართლაც ევროკომისიის პირველი მოთხოვნაა საქართველოს ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, იმ 12 პუნქტიან ჩამონათვალში, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე, ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„როგორც ჩანს, ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის მზად, იმისთვის, რომ ეს ჩამონათვალი შეასრულოს“ - ასე ხსნის მთავრობის მეთაურის აგრესიულ რიტორიკას „ამერიკის ხმასთან“ პოლიტოლოგი, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა.
Your browser doesn’t support HTML5
მისი თქმით, „პრემიერ მინისტრის დღევანდელმა გამოსვლამ აჩვენა, თუმცა ამის ნიშნები მანამდეც იყო, რომ სწორედ ასეთი იქნებოდა მმართველი პარტიის პოზიცია. ძალიან ძნელად მოსალოდნელია, თუკი რადიკალური ტრანსფორმაცია არ მოხდა თვითონ „ქართულ ოცნებაში“, რომ მთავრობა შეეცადოს ამ პირობების შესრულებას.
ისიც ფაქტია, რომ ეს უკვე სერიოზული გამოწვევა იქნება იგივე მთავრობისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუნდაც 2024 წელს. იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველას ესმის და ეს არის ცხადი და ნათელი, თუკი ვინმე არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც მიიღო მოლდოვამ, ეს არის ჩვენი ხელისუფლება“ - ამბობს კვაშილავა.
საქართველოს „დეოლგარქიზაციის“ მსგავსი პრობლემა არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედიირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი
პრემიერმა პარლამენტში იმაში, რომ საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა შეიძლება მიიღოს, ისევ და ისევ ოპოზიცია და მათი ევროპელი ლობისტები დაადანაშაულა.
„ოპოზიციას არ სურდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო, უნდათ საქართველოს ომში ჩათრევა“ - ეს იყო ღარიბაშვილის გამოსვლის მთავარი მესიჯი. ამავე დროს, პრემიერმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ემოციურად გულდასაწყვეტია, მაგრამ პროცესს „ძალიან მშვიდად“ უნდა შევხვდეთ.
ღარიბაშვილი ტრადიციულად მწვავედ გამოეხმაურა, ევროკავშირის კიდევ ერთ მოთხოვნას „დეოლიგარქიზაციის“ თაობაზე და თქვა, რომ საქართველოს „მსგავსი პრობლემა არ აქვს“. „ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი“ - აღნიშნა პრემიერმა.
Your browser doesn’t support HTML5
„თავს ვერ მოვიტყუებთ ახლა, ივანიშვილია ხელისუფლება სინამდვილეში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება საქართველოსთვის“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორი ლევან ცუცქირიძე.
თავს ვერ მოვიტყუებთ ახლა, ივანიშვილია ხელისუფლება სინამდვილეში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება საქართველოსთვის“ლევან ცუცქირიძე, პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორი
პოლიტოლოგის აზრით, „საქართველოში ქვეყნის ცხოვრებას წარმართავს და ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, არც არჩევნების, არც რაიმე სხვა ფორმით. ის არის თავისთვის და ძირითად გადაწყვეტილებებს კარნახობს მათ, ვინც შემდეგ ამას ასრულებს.
ამიტომ, ივანიშვილის შესაძლო სანქცირება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნას მთავრობის ან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლად, რადგან საუბარია ადამიანზე, რომელიც თვითონ მთავრობის წევრების განცხადებით, ხელისუფლებაში არ მონაწილეობს“ - აცხადებს ცუცქირიძე.
ოპოზიციას, 20 ივნისის ევროპული გზის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, რომელზეც სხვადასხვა შეფასებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, გარკვეული აღმავლობის განცდა აქვს, თუმცა პრობლემები ამ ფრთაზეც სერიოზული რჩება.
„ოპოზიციის მხარეს და საზოგადოებისთვის არსებობს ის გამოწვევა, რომ ისევ არ არსებობს გამაერთიანებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია იმ რაოდენობის ხალხის მობილიზაცია, რომელიც 20 ივნისის დემონსტრაციაზე იყო“ - მიაჩნია ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს ბაკურ კვაშილავას.
Your browser doesn’t support HTML5
კვაშილავას აზრით, „ფაქტია, რომ ეს ხალხი ნამდვილად არ იყო იქ მისული მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის". ეს იყო ის ხალხი, რომელიც არის იმედგაცრუებული იმ ძალისხმევით, რომელიც აჩვენა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაგრამ ამ ძალას ჯერჯერობით, არ ჰყავს ლიდერი, ერთიანი გუნდი.
ისევ არ არსებობს გამაერთიანებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია იმ რაოდენობის ხალხის მობილიზაცია, რომელიც 20 ივნისის დემონსტრაციაზე იყო
აქედან გამომდინარე, ეს ართულებს სიტუაციას იმ გაგებით, რომ ნათელი არ არის რამდენად მოახდენს ეს ძალა გავლენას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე, რამდენად შეაცვლევინებს ეს აპათიურ კურსს ჩვენს ხელისუფლებას ან მეორეს მხრივ, რამდენად მოამწიფებს ნიადაგს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ არალეგიტიმურია და გადადგეს“ - ამბობს კვაშილავა.
გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე, ევროპულმა საბჭომ, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით უნდა მიიღოს. სამიტი 23-24 ივნისს გაიმართება.