ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, იმისათვის, რომ მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობასაც მიეცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის იგივე შესაძლებლობები, საჭიროა მუშაობა. აღნიშნული განცხადება მეცოლამ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.
"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის. ევროპარლამენტის სახელით, ევროკომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაყენებს იმ გზაზე, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.” ის დასძენს: “ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ასევე მივესალმებით, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება", - წერს მეცოლა.
ევროკომისიის დღევანდელი დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ ათზე მეტი მოთხოვნა უნდა შეასრულოს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.