აშშ-მ უკრაინის არმიის გაძლიერება MLRS M270-ით დაიწყო

უკრაინა მალე შეჯავშნულ, თვითმავალ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემა M270-ს მიიღებს

უკრაინამ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიაღწია შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, შეჯავშნულ, თვითმავალ, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემა M270-ს მიიღებს. მორიგი ამერიკული დახმარების სხვა დეტალები ამ ეტაპზე საიდუმლოა. უცნობია უკრაინის არმიას, რა რაოდენობის და კონკრეტულად, რომელი მოდიფიკაციის MLRS ტიპის სისტემა გადაეცემა.

ცნობილია, მხოლოდ რომ ამ ეტაპზე, პუტინის ბირთვული მუქარის გამო, ვაშინგტონი ისევ თავს იკავებს, უკრაინელებს ATACMS ტიპის რაკეტები გადასცეს, რომლის გაშვებაც MLRS სისტემიდანაც შეიძლება და რომელსაც 144-დან 300 კმ და მეტ რადიუსში შეუძლია მტრის განადგურება.

MGM-140 ATACMS რაკეტების მიღების შემთხვევაში, უკრაინის არმია შეძლებდა როგორც ხარკივის, ისე დონეცკი-ლუჰანსკისა და ხერსონის მიმართულებით, რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო ბატარეების „ჩაჩუმებას“.

უფრო მეტიც, რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე იერიშის მიტანასა და ყირიმის (ქერჩის) 19 კმ-იანი ხიდის აფეთქებასაც, რომელიც პუტინმა 2019 წელს უკანონოდ გახსნა და რუსეთის ბიუჯეტს თითქმის, 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ეს ხიდი, რომელსაც საავტომობილოსთან ერთად, სარკინიგზო ხაზიც აქვს, უკრაინის ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს, რუსეთის ფედერაციის სუბიექტ კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს, რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

Your browser doesn’t support HTML5

ბერიძე: HIMARS ან MLRS მიღების შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია ყირიმის ხიდის განადგურება

„ყირიმის ხიდის აფეთქება და ამ მომარაგების ძარღვის გაწყვეტა, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, უთხრა „ამერიკის ხმას“, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილემ.

"ყირიმის ხიდის აფეთქებას და განადგურება, და ლოჯისტიკური ძარღვის გაწყვეტას უკრაინისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტულად ამ ამოცანას სჭირდება, HIMARS ან MLRS ტიპის ზცრს-ის სისტემა, რომ მიწვდეს ამ მანძილზე"
ლაშა ბერიძე, პოლკოვნიკი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილე

მისი თქმით, „ოკუპანტების არმია ორი მიმართულებიდან მარაგდება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დონეცკი-ლუჰანსკის და ყირიმის მიმართულებიდან, სადაც უკრაინის არმიის არტილერია ვერ წვდება.

შორსმსროლელი არტილერიის მიღების შემთხვევაში, თუ შეძლებენ უკრაინელები ყირიმის ხიდის განადგურებას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტულად ამ ამოცანას ჭირდება, HIMARS ან MLRS სისტემა, რომ მიწვდეს ამ მანძილზე, რისი გადაცემაც უკრაინისთვის ჯერჯერობით არ დასტურდება“ - გვითხრა ლაშა ბერიძემ.

ვინაიდან, დასავლეთი ამ ეტაპზე უკრაინელებს შორსმსროლელ საარტილერიო და სარაკეტო სისტემებს არ აწვდის, ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე, კიევი MLRS M270-თან ერთად, M30/M31 ტიპის რაკეტებს მიიღებს, რომელთა სროლის რადიუსი 70 კმ-ია.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის არმიას MLRS M270-ის შესაძლებლობების გამოყენება კარგად შეუძლია ხარკივის და ხერსონის მიმართულებაზე, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში, ინტენსიური შეტაკებები გრძელდება და უკრაინელებს ტაქტიკური უპირატესობა აქვთ.

ვინაიდან, MLRS M270 - მუხლუხოიანი, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანაა ორი, 6-ჭურვიანი გამშვებით, ექსპერტების აზრით, სევეროდენეცკის მიმართულებით, სადაც უკვე ოკუპანტებს აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, შესაძლოა მისი მობილობა შედარებით ნაკლებეფექტური იყოს.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა M270

უკრაინის სახმელეთო ჯარების საარტილერიო და სარაკეტო ბრიგადების შეიარაღებაში, ყველაზე შორსმსროლელი, უკრაინისვე წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Вільха-ა, რომელსაც 70-80 კმ რადიუსში შეუძლია მტრის განადგურება.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, რუსეთთან ხუთთვიანი ომის ფონზე, უკრაინამ არტილერიის კუთხით სერიოზული დანაკარგები განიცადა. ასევე კატასტროფულად შეუმცირდა რაკეტების რაოდენობა, არა მხოლოდ Вільха-ს, არამედ, ისეთი სისტემებისთვის, როგორიცაა BM-30 Smerch, BM-27 Uragan და BM-21 Grad.

უკრაინის არმიისთვის გადაცემული ამერიკული ბუქსირებადი ლულიანი საარტილერიო სისტემა M777 howitzer

შესაბამისად, უკრაინის არმიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, NATO-ს სტანდარტის შეიარაღებაზე უსწრაფესად გადასვლა, რომ მომარაგებაში პრობლემა აღარ შეექმნათ.

საარტილერიო კუთხით დანაკლისი გარკვეულწილად, შეივსო აპრილში, როცა აშშ-მ კიევს 72 ცალი 155 მმ-იანი ბუქსირებადი ლულიანი საარტილერიო სისტემა M777 howitzer გაუგზავნა, 144 ათასი ჭურვით და 72 ტაქტიკური ავტომობილი ჰაუბიცების ბუქსირებისთვის, რაც ხუთი საარტილერიო ბატალიონის აღჭურვისთვის არის საკმარისი.

Your browser doesn’t support HTML5

ბარბაქაძე: დასავლური ზცრს-ების მიწოდება ნიშნავს, რომ რუსების უპირატესობა მინიმუმადე დავა

„ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებს, როგორც კი მიიღებს უკრაინა და უკვე გადაწყდა ეს საკითხი, ერთადერთი უპირატესობა რაც აქვთ რუსებს, არტილერიის და სარაკეტო დარტყმებით, ამ დანაშაულებრივი ომის გაგრძელება, ეს უპირატესობაც მინიმუმამდე დავა“ - მიაჩნია თადარიგის პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძეს.

დასავლეთის უწყვეტი დახმარების პირობებში, რაც ხდება ახლა, უკრაინა მარტო უმკლავდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს
აკია ბარბაქაძე, თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი

მისი თქმით, „ამის შემდეგ უკვე მიეცემა უკრაინას, ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების ჩატარების საშუალება. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის უწყვეტი დახმარების პირობებში, რაც ხდება ახლა, უკრაინა მარტო უმკლავდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს“.

კიევმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-მ და დანიამ უკრაინის არმიისთვის Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების მიწოდებაც დაიწყეს.

ამ სისტემის ნაწილი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე განალაგეს ოდესის პორტის დასაცავად, რაც რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტისთვის დამატებითი, ძლიერი თავის ტკივილია.

ამერიკული Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები უკვე ოდესაშია

განახლება: მასალა მზად იყო, როცა ამერიკულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ვაშინგტონი კიევს მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო (HIMARS) სისტემასაც გადასცემს, ოღონდ შედარებით, ძველ მოდიფიკაციას, M142 HIMARS. ეს მობილური, ბორბლებიანი მანქანაა, ერთი 6-ჭურვიანი გამშვებით. ამერიკელები ამ შემთხვევაშიც, უკრაინის არმიას მიაწვდიან რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი ასევე 70 კმ-ია.

უკრაინის არმია აშშ-გან M142 HIMARS-ის ძველ მოდიფიკაციასაც მიიღებს