ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კოვიდ-19-ის გართულებებით მსოფლიოში სამჯერ იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ოფიციალური მონაცემები აჩვენებდა. ეს ამ დრომდე ორგანიზაციის მიერ კოვიდის შესახებ მომზადებული ყველაზე მრავლისმომცველი ანგარიშია.
გაეროს სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის დასასრულისთვის მსოფლიოში კოვიდთან დააკავშირებული პრობლემებით 15 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემები კი 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე გარდაცვლილი იყო მხოლოდ 5.4 მილიონზე მეტი ადამიანი.
ასევე ნახეთ: ხანგრძლივი კოვიდი - რას ამბობს უახლესი კვლევებიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოქვეყნებული მაჩვენებლები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, პანდემიის მსხვერპლთა რიცხვებს ზრდის, რადგან აცხადებს, რომ კოვიდს უკავშირდება იმ ადამიანთა სიკვდილიც, ვინც გადატვირთული საავადმყოფოების და ამ პერიოდში ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობის გამო გარდაიცვალნენ. გათვალისწინებულია ისიც, რომ პანდემიისა და გადაადგილების შეზღუდვების გამო, რეალურად სხვა მიზეზებით - მაგალითად ავარიებით - გაცილებით ნაკლები სიკვდილობა იყო.
თუმცა მთავარი მიზეზი იმისა, რომ გაეროს ახლანდელი მონაცემები მანამდე არსებულ ოფიციალურ ცნობებს თითქმის სამჯერ აღემატება, ისაა, რომ მათ შესახებ ოფიციალურ წყაროებში ცნობები არ ფიქსირდებოდა. კოვიდ-პანდემიის გარეშეც კი, ჯანმოს თქმით, მსოფლიოში 10-დან 6 ადამიანის გარდაცვალება ოფიციალურად არ რეგისტრირდება.
ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ აქამდე გარდაცვალების დაუფიქსირებელი რიცხვების ნახევარი ინდოეთზე მოდის. ანგარიშის თანახმად, იქ პანდემიის შედეგად 4.7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ძირითადად პანდემიის განსაკუთრებით აქტიური ფაზის - 2021 წლის მაის-ივნისის პერიოდში მოხდა. ინდოეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანაში ნახევარ მილიონზე ნაკლები მოქალაქე გარდაიცვალა - 480 000.