ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მარტში დაწყებული ტენდენცია გრძელდება და კორონოვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები, გლობალურად კლებულობს.
პანდემიის შესახებ ყოველკვირეულ მოხსენებაში, გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ გასულ კვირას, ინფიცირების დაახლოებით 3.8 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა 1500-ს გადააჭარბა. თუმცა მიჩნეულია, რომ ეს მონაცემები სრულად არ ასახავს რეალობას, რადგან სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს უარს კოვიდ-19-ის ფართო ტესტირებასა და ასევე, დაკვირვებაზე.
მიუხედავად ამისა, ჯანმო აღნიშნავს, რომ აფრიკაში, ინფიცირების შემთხვევები დაახლოებით მესამედით გაიზარდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი 13 პროცენტით. ასევე, თითქმის 70%-იანი ნახტომი დაფიქსირდა ინდოეთის სიკვდილობის მაჩვენებელში. თუმცა, ეს დაგვიანებულ აღრიცხვას მიეკუთვნება და არა დაავადების ბოლოდროინდელ ზრდას.
ამ ფონზე, ჩინეთში ხელისუფლება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. დახურულია მეტროსადგურების 10%-ზე მეტი. მანამდე, დედაქალქის ხელისუფლებამ უკვე დახურა შიდა სასადილოები, სპორტული დარბაზები და სასკოლო კლასები.