ბროუდერი: "უარესი ჯერ კიდევ წინაა"

“ვლადიმირ პუტინმა უკვე ყველა ზღვარი გადაკვეთა, მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინაა“, - ამბობს ბილ ბროუდერი, „მაგნიტსკის სამართლიანობის გლობალური კამპანიის“ ლიდერი და აქტივისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში თავისი ახალი წიგნი წარადგინა. ბროუდერი წლებია დასავლეთში რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი ოფიციალური პირებისა თუ ოლიგარქების სადამსჯელო ღონისძიებების, სანქციების მიღება-გაძლიერების კუთხით მუშაობს. მისი ეს მცდელობა საკანონმდებლო ინიციატივადაც იქცა, რომელიც „მაგნიტსკის აქტის“ სახელითაა ცნობილი. ეს სახელი კი მის თანამშრომელს, სერგეი მაგნიტსკის უკავშირდება.

იურისტსა და აუდიტორს, რომელმაც დაადგინა, რომ 230 მილიონი დოლარი, რომლის გადასახადებისგან დამალვასაც ბროუდერის კომპანიას ედავებოდნენ, სინამდვილეში თავად ოფიციალური უწყებების ორგანიზებული თაღლითური სქემა იყო. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, ერთი წელი ციხეში ისე გაატარა, რომ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე კი გარდაიცვალა. პატიმარი ამბობდა, რომ მას სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ მასთან მოპყრობა წამების ტოლფასი იყო და ის ციხეში მოკლეს.


ბროუდერი მას შემდეგ სამართალს ეძებს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ და მთავრობამ შექმნას მექანიზმები იმისთვის, რომ სანქციები დაუწესოს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და გაყინოს მათი ქონება. „მაგნიტსკის აქტი“ არის პირველი ასეთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც 2012 წელს ამერიკაში მიიღეს, შემდეგ კი მსგავსი კანონი 33 სხვა ქვეყანაში ამოქმედდა. მათ შორის ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. ბროუდერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი რაფაელ სააკოვი ესაუბრა:

როგორ ფიქრობთ, რა აჩვენა მსოფლიოს უკრაინაში რუსეთის ომის პირველმა ორმა თვემ?

ის ეკონომიკური კატასტროფა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა ამ სანქციების პროვოცირებით, რუსეთს „დიდი დეპრესიის“ მსგავს ვითარებაში ჩააგდებს.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ომის პირველმა 50-60-მა დღემ აჩვენა, იყო ვლადიმირ პუტინის არასწორი გათვლები მანამ, სანამ ამის გაკეთებას გადაწყვეტდა. მან იფიქრა, რომ უკრაინელები დანებდებოდნენ, ზელენსკი გაიქცეოდა, დასავლეთი საპასუხოდ არაფერს სერიოზულს არ გააკეთებდა. მაგრამ... უკრაინელებმა მას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, მოკლეს უამრავი რუსი ჯარისკაცი, განაიარაღეს უამრავი რუსული ბატალიონი, ჩაძირეს რუსული გემები. ზელენსკი მტკიცედ დადგა, ის ნამდვილია.

დასავლეთმა იარაღი მომართა და აამოქმედა ყველაზე სერიოზული სანქციები, რაც კი ისტორიაში ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ამოქმედებულა.

დიახ, ჩვენ ვნახეთ სანქციები ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, ბრიუსელიდან, სანქციები, მიიჩნევთ მათ მნიშვნელოვნად პუტინის აგრესიის შესაჩერებლად?

სანქციები ძალიან ფართო ცნებაა. ის წამალს ჰგავს, იმის მიხედვით, თუ რა დროს გამოიყენებ ამ წამალს, განსაზღვრავს რამდენად გაუარესდება დაავადება. ვფიქრობ, შედარებით ნაკლები მასშტაბის სანქციები შეიძლებოდ აგამოყენებული ყოფილიყო ომის დასაწყისში ან თუნდაც ვლადიმირ პუტინის მიერ წინა საშინელებების ჩადენისას, და ეს მას აიძულებდა სხვანაირი გათვლა გაეკეთებინა.

მჯერა, რომ ამ ეტაპზე სანქციების მიზანი არის ის, რომ ვლადიმის პუტინის ეკონომიკური რესურსები ამოწუროს და მას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს ომი ამგვარადვე გააგრძელოს.

თქვენ გესახებათ რაიმე მოკლევადიანი გავლენა დასავლეთის სანქციებისა ამ ეტაპზე? და კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

ვფიქრობ, დასავლური სანქციები რუსეთში ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. თვითმფრინავები ვერ იფრენს, რადგან მათ ამერიკული ნაწილები და საავიაციო ელექტროტექნიკა სჭირდებათ; ფული ხელმისაწვდომი არ არის, ვფიქრობ ჯარისკაცებსაც კი არ უხდიან ხელფასს. გვაქვს სიტუაცია, როცა ჯარისკაცები ბატალიონებს მასობრივად ტოვებენ.

ოლიგარქებს უამრავი თანხა აქვთ ოფშორულ კომპანიებში, ახლა ეს თანხებიც გაიყინა, და პუტინს მათზე წვდომა არ აქვს. ცენტრალური ბანკის რეზერვებიც აღარაა ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ის ეკონომიკური კატასტროფა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა ამ სანქციების პროვოცირებით, რუსეთს „დიდი დეპრესიის“ მსგავს ვითარებაში ჩააგდებს.

როგორ ფიქრობთ, რა არის ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი - უკრაინული სახელმწიფოს განადგურება თუ ამერიკის, როგორც მსოფლიო წესრიგის ლიდერის დასუსტება?

ვლადიმირ პუტინმა უკვე ყველა შესაძლო ზღვარი გადაკვეთა. და რაც ჩვენ აქამდე ვნახეთ, მხოლოდ მცირედია იმისა, რასაც მომავლში ვნახავთ, მას იმდენად ბოროტი ზრახვები აქვს, რომ მას მხოლოდ გამწვავება, გაუარესება შეუძლია და ვშიშობ, სწორედ ეს მოხდება მომავალში.

ვფიქრობ, არც ერთი ეს არ არის მისი მიზანი. ამ ომის უმთავრესი მიზანი შიდა პოლიტიკურია. ვფიქრობ, მას სურს ომი იმისთვის, რომ გაზარდოს თავისი რეიტინგი. ის შეშინებული იყო, უყურებდა ნაზარბაევს ყაზახეთში, რომელიც დიქტატურის უფრო მეტი წლის შემდეგაც მოაშორეს ხელისუფლებას. ხედავდა ლუკაშენკოს, რომელიც მხოლოდ მისი ინტერვენციის გამო დარჩა ხელისუფლებაში. მან იცოდა, რომ ეს მოხდებოდა…. მიზეზი იქნებოდა ან ფასების ზრდა, ან რაიმე ინციდენტი, რომელიც რუს ხალხსაც უბიძგებდა. და რას აკეთებს ის ამ დროს? ის იწყებს ომს და ამას პირველად არ აკეთებს. მან დაიწყო ომი 2008 წელს, 2014 წელს. ვლადიმირ პუტინი ძალაუფლებაშიც ჩეჩნეთში ომით მოვიდა, ის ომს ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს. ვფიქრობ, ეს სრულად მის შიდა აუდიტორიაზეა მიმართული.

თქვენ როგორ განმარტავთ რუსული ჯარის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულებს? რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მითითებულ ყველა ბრალდებას უარყოფს იმ საშინელებათა შესახებ, რაც ბუჩასა თუ სხვა უკრაინულ ქალაქებში ვიხილეთ. როგორ გგონიათ, იქნება საკმარისი სამხილი ვლადიმირ პუტინის გასასამართლებლად, როგორც ეს პრეზიდენტმა ბაიდენმა ივარაუდა?

არ მგონია, რომ ვლადიმირ პუტინი მანამდე გადარჩეს. ვფიქრობ, თუკი ის ამ მიმართულებით სვლას განაგრძობს, ის კატასტროფულ შეცდომას დაუშვებს და რუსი ხალხი მას მიხედავს. უფრო სავარაუდოა, რომ რუსი ხალხი გაასამართლებს მას სწრაფად ისევე, როგორც რუმინეთში ჩაუშესკუს მოექცნენ.

თქვენ ამბობდით, რომ ვალდიმირ პუტინის ერთ-ერთი სამიზნე იყავით. როგორ ფიქრობთ, კვლავ მისი ერთ-ერთი პირადი მტერი ხართ? და ის თუა თქვენი მტერი?

ვფიქრობ, როდესაც ვლადიმირ პუტინი გასცემს ბრძანებას, რომ ვიღაც დააპატიმრონ ან აწამონ, ამ ბრძანებას ვადა არ გასდის. არის ჯგუფი რუსეთის მთავრობაში, რომელიც ასრულებს ასეთ ბრძანებას. არ მგონია, რომ რამე შეცვლილიყოს. პირიქით, შანსი, რომ რუსეთმა უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას, გაზრდილია, რადგან აღარ არის ამის საფასურის შიში. სანქციები უკვე ამოქმედებულია ამ ომისთვის. ასე რომ, ალბათ ჩემი პირადი საფრთხეც დრამატულად გაიზარდა.

არის თუ არა ის ჩემი მტერი? „მტერი“ ალბათ ძალიან პირადული სიტყვაა. ვფიქრობ, ის არის ნამდვილი საფრთხე მშვიდობისა და ადამიანების ცხოვრებისა. ის ბოროტი ადამიანია და უნდა მოშორდეს ძალაუფლებას როგორი გზითაც კი ეს შესაძლებელი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ეს მშვიდობიანი გზით მოხდება. მაგრამ ამ კაცს იმდენი საშინელება აქვს ჩადენილი იმდენი ადამიანის წინააღმდეგ, და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ უკრაინაშიც, რომ ის ციხეში უნდა იყოს და არა - ძალაუფლებაში.

ასევე ნახეთ: ბროუდერი: "პუტინის წარმატება ჩვენი ცხოვრების მიმართულებასაც შეცვლის"

თქვენ ვაშინგტონში თქვენი ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართეთ. რა არის ამ ეტაპზე თქვენი მთავარი სათქმელი?

სერგეი მაგნიტსკი მოკლეს მას შემდეგ, რაც მან აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო 230 მილიონი დოლარი და ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, სად წავიდა ეს ფული. აღმოჩნდა, რომ ამ თანხის ნაწილი თავად ვლადიმირ პუტინთან მიდიოდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომ გახდა “მაგნიტსკის საქმე” ვლადიმირ პუტინისთვის პერსონალური ვენდეტის საკითხი.

ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ამ 230 მილიონი დოლარის მოპარვა, მხოლოდ ერთი ნაწილი იყო ათასობით ასეთი დანაშაულისა. ვნახეთ, რომ ამ თანხის ნაწილი გადიოდა რუსეთის საზღვრებს გარეთ და შემდეგ უკავშირდებოდა სხვადასხვა ტიპის დანაშაულს. ბოლო 22 წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინისა და მისი მოკავშირეების მმართველობისას მოპარული თანხები სავარაუდოდ ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

ვლადიმირ პუტინი არის ბოროტი კაცი, მის ირგვლივ მყოფი ადამიანები არიან ბოროტები, და არა მხოლოდ ისინი. არსებობენ ადამიანები დასავლეთშიც, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში. ისინი, ვინც მათ ამის საშუალებას აძლევენ, ვინც ვლადიმირ პუტინისგან ირიბად იღებენ ფულს და ეხმარებიან მისი უსაფრთხოების სამსახურებს საკუთარი მტრების დევნაში, ფულის გათეთრებაში, რეპუტაციის გაწმენდაში, რამდენადაც ყველა ამ ცუდ ხალხს ვებრძვით რუსეთში, ასევე უნდა ვაგვარებდეთ ამ საქმეს ჩვენს ქვეყნებშიც.

ვინ არიან ეს ადამიანები თუ კომპანიები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები. ამას მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ, თუ პუტინის იდეოლოგიური მოკავშირეები არიან?

ეს არიან პირწმინდად ხარბი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ფულისთვის აკეთებენ. მზად არიან გაყიდონ სული ფულისთვის და თვალი აარიდონ მკვლელობებს, გატაცებებს, გამოძალვას, საშინელ დანაშაულებს იმისთვის, რომ ფული იშოვონ.

რუსეთში ცოტა ხნის წინ დააკავეს ვლადიმირ კარა-მურზა, ადამიანი, რომელიც სამართლიანობისთვის და სერგეი მაგნიტსკის მკვლელების დასასჯელად თქვენი ბრძოლის მონაწილე იყო. როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის მას?

პუტინის რეჟიმმა ვლადიმირ კარა-მურზას მოკვლა ორჯერ სცადა. უშიშროების იგივე ოფიცრებმა, რომლებმაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, მოწამლეს კარა-მურზაც და ის კინაღამ მოკვდა. ახლა ის მისივე მომწამვლელების და მკვლელების პატიმრობაშია. ყოველი წუთი, როცა ის მათ საპატიმროშია, მაშინებს, რადგან ვფიქრობ რა შეიძლება მას დამართონ, შეიძლება მისი მკვლელობა მესამედაც სცადონ.

ასევე ნახეთ: რას, სად და როგორ მალავენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მის საქმეს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენაც მოუწოდა. ჩვენ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები ალექსეი ნავალნის მიმართაც, რომელსაც მარტში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რის დემონსტრირებას ცდილობს კრემლი? ამბობს თუ არა ის ამით იმას, რომ მათ ვერავინ ვერაფერს უკარნახებს ?

ვფიქრობ ეს პუტინის მძევლად ყოფნისთვის ყველაზე საშინელი დროა. რადგან არ არსებობს ბერკეტები პუტინის წინააღმდეგ, რაც შეცვლის შედეგს. ძალიან მაშფოთებს ის, რომ ვლადიმირ კარა-მურზასნაირი ადამიანი ახლა მათ პატიმრობაშია. მათ ყველაფრის ჩადენა შეუძლიათ.

„მაგნიტსკის აქტი“ ახლა 34 ქვეყანაში მოქმედებს, 500-ზე მეტი პირია სანქცირებული და არა მხოლოდ რუსეთში. ფიქრობთ, თქვენი ახალი წიგნი ამ სიის გაფართოებას ხელს შეუწყობს?

არის კიდევ ქვეყნები, რომლებიც უნდა შემოუერთდნენ [ამ ძალისხმევას]. უნდა დაგვემატოს ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა. „მაგნიტსკის აქტი“ უნდა ეხებოდეს არა 500-მდე ინდივიდს, არამედ ათი ათას პირს, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, თუკი ის სწორად იქნება ამოქმედებული. და ზოგადად, ადამიანები უკვე კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, სანამ საშინელ დანაშაულებს ჩაიდენენ დისიდენტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მამხილებლების თუ სხვათა წინააღმდეგ.

ვლადიმირ პუტინმა უკვე ყველა შესაძლო ზღვარი გადაკვეთა. და რაც ჩვენ აქამდე ვნახეთ, მხოლოდ მცირედია იმისა, რასაც მომავლში ვნახავთ, მას იმდენად ბოროტი ზრახვები აქვს, რომ მას მხოლოდ გამწვავება, გაუარესება შეუძლია და ვშიშობ, სწორედ ეს მოხდება მომავალში.

ასევე ნახეთ: "ხრიკების სიმფონია" და სტრატეგია "დაყავი და იბატონე" - ინტერვიუ ლუკ ჰარდინგთან

როგორ გგონიათ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში ომთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში? როგორია ომის და რუსეთის შიგნით არსებული პერსპექტივები?

ვფიქრობ, ორი რამ მოხდება, პუტინი რუს ხალხს კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს. შეიძლება ვნახოთ საომარი ვითარების მსგავსი რამ. შეიძლება დადგეს ისეთი დროც კი, როდესაც რუსები რუსეთს ვეღარ დატოვებენ, საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად. მეორე კი, მგონია, რომ უკრაინაში ომი კიდევ უფრო გამწვავდება სამოქალაქო მსხვერპლის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ჯარმა დაამტკიცეს, რომ მათ არ შეუძლიათ უკრაინელთა სამხედრო კუთხით დამარცხება და ამიტომ ისინი უბრალოდ დაიწყებენ მოქალაქეების მასობრივად დახოცვას.

მარტში ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ კლეპტოკრატიის წინააღმდეგ სააგენტოთაშორისი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომლის მიზანიც სხვა პარტნიორებთან ერთად სანქციების მოქმედების მონიტორინგი იქნება. როგორ ფიქრობთ, ახლა, ომის დროს ამოქმედებულმა ამ ჯგუფმა რამდენად დადებითი როლი შეიძლება შეასრულოს?

ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სუპერტანკერი, არ მოძრაობს სწრაფად, მაგრამ თუკი ის ირთვება, მიდის დიდი მიმართულებით, დიდი ძალით. და როცა ამერიკა მის იარაღს კლეპტოკრატიის წინააღმდეგ მიმართავს, კლეპტოკრატებს ძალიან უნდა ეშინოდეთ.