ქართულ-აფხაზური არაფორმალური სამშვიდობო დიალოგის ფრაგმენტული ნიშნებიც კი, ბოლო პერიოდში, თითქმის მთლიანად გაქრა - ასე აფასებენ კონფლიქტოლოგები და ექსპერტები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის ახალ პოლიტიკას.
უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გამჩაღებელი პუტინისტური რუსეთის ახალი ნაბიჯები, იმ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ „მოგუდვას“ ითვალისწინებს, რომელთა პროექტები, აფხაზურ-ქართულ მხარეებს შორის, გარკვეული ნდობის აღდგენას უწყობს ხელს.
„ეს ცალსახად არის რუსული პოლიტიკას კიდევ უფრო გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოსკოვსა და სოხუმის შეთანხმების, 37 პუნქტში პირდაპირ, სიტყვა სიტყვით წერია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე „უცხო ქვეყნის აგენტები“ უნდა გამოვლინდნენ“.პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
მოსკოვმა ფაქტობრივად, მტრების სიაში შეიყვანა ოკუპირებულ აფხაზეთში მომუშავე დონორები: დანიის ლტოლვილთა საბჭო, World Vision, HALO Trust, წითელი ჯვარი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (UNHCR), მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (AAH), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და მათზე მიბმული ასობით, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ფონდი.
„ეს ცალსახად არის რუსული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერება“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელსაც 2014-16 წლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ზაქარეიშვილის თქმით, „ეს დაიწყო 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღის ომის დასრულებისთანავე, როცა პუტინმა გამონახა დრო და ბჟანიასთან ერთად ხელი მოაწერა, „კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც 47 პუნქტს მოიცავს.
Your browser doesn’t support HTML5
"საკმაოდ დიდი დოკუმენტია, რომელზეც, ალბათ თვეები მუშაობდნენ. იქ, 37-ე პუნქტში პირდაპირ, სიტყვა სიტყვით წერია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე „უცხო ქვეყნის აგენტები“ უნდა გამოვლინდნენ“ - ამბობს ზაქარეიშვილი.
ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოეთის და საქართველოს „აგენტების“ გამოვლენა ერთი წლის თავზე, ინალ არძინბას დაევალა, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ სოხუმში, ე.წ „საგარეო მინისტრად“, 2021 წლის ნოემბერში მიავლინა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და პატრიარქ კირილეს გარემოცვაში დაფრთიანებულმა 31 წლის არძინბამ, რომელსაც მეტსახელად "ბულდოგს" ეძახიან, პირველი, სოხუმში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობას დაარტყა და ანკლავში სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება აუკრძალა.
UNDP-ს აფხაზეთში ასევე აეკრძალა COBERM-ის საგრანტო პროგრამის განხოციელება. ეს არის ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის, „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის“ ინიციატივა, რომელსაც UNDP ევროკავშირთან ერთად, 2010 წლიდან ახორციელებდა.
2022 წლის იანვარში, აფხაზურმა სამოქალაქო საზოგადოებამ, ანკლავში, რუსეთში უკვე კარგად აპროპირებული, „უცხო ქვეყნის აგენტის“ ცნების დამკვიდრება გააპროტესტა, მიმართვას 500-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი, თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამოქალაქო სექტორისთვის სიტუაცია დამძიმდა.
ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. არძინბამ მორიგ ჯერზე უკვე ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (AAH) აიძულა შეეჩერებინა ერთ-ერთი პროექტი, რომლისთვისაც ანკლავში და ენგურსგამოღმა საქართველოში, აფხაზურ-ქართული ფოკუსს ჯგუფები იყო შექმნილი. საჯარო გაფრთხილება მიეცა დანიის ლტოლვილთა საბჭოს, რომ თბილისის რეგიონულ ოფისთან ყველა კონტაქტი გაეწყვიტა.
Your browser doesn’t support HTML5
„თუ თქვენი საქმიანობა შეესაბამება საქართველოს განვითარების პროგრამების მიზნებსა და ამოცანებს. ჩვენ ამას ავტომატურად ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მივიჩნევთ და ამ პროექტებს დავხურავთ, ამის შესახებ წინასწარ გაფრთხილებთ.
ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ამ "ქართული პროგრამების" მიზანი ჩვენი ტერიტორიების შთანთქმა და აქ საქართველოს ხელისუფლების დამყარებაა"ინალ არძინბა, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი
ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ამ ქართული პროგრამების მიზანი ჩვენი ტერიტორიების შთანთქმა და აქ საქართველოს ხელისუფლების დამყარებაა, მაგრამ ქართული დროშა აქ არასოდეს აღიმართება!“ - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა ანკლავში ინალ არძინბამ.
მიმდინარე თვეში, სოხუმის „უშიშროებაში“ დაკითხვებზე ატარეს 22 ადამიანი, ვინც გაბედა და უკრაინაში ომის შეწყვეტა საჯაროდ მოითხოვა, უმრავლესობა სწორედ აფხაზური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია.
პარალელურად, სოციალურ ქსელებში ამ ადამიანების დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს. მათ "მტრული დასავლეთისა და საქართველოს ინტერესების გატარებაში" სდებენ ბრალს.
„ენგურს იქეთ მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებთან, დღეს გვაქვს მხოლოდ ორი კავშირი“ - ამბობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე. მისი თქმით, „ეს არის უფასო ჯანდაცვის და განათლების პროგრამები, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, და ეს არის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დონორების მუშაობა და ამის ხარჯზე, სუსტი, ფრაგმენტული, არაფორმალური დიალოგი. ღიად ჩანს რასაც ურტყამენ“.
Your browser doesn’t support HTML5
„ადრე დიალოგი იყო საჯარო, ჩვენ წიგნებს და სტატიებს ვაქვეყნებდით ერთობლივს“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც აფხაზეთის ომის პერიოდშივე ჩაერთო, ქართულ-აფხაზური დიალოგის პროცესში.
დაფინანსება მოდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან, დემოკრატიის ქვეყნებიდან, რომლებიც მოგეხსენებათ რუსეთს როგორ აღიზიანებს, ამიტომ მგონია, რომ აფხაზეთში სერიოზული მოგუდვა მოხდება სამოქალაქო საზოგადოების, ამას გრძნობენ აფხაზებიც
მისი თქმით, „იქ ჩანდა ქართველების და აფხაზების ურთიერთობები, ჩვენ არ გვეშინოდა ეს პრესაში გამოგვექვეყნებინა. დღეს ეს გამორიცხულია. დღეს შეუძლებელია აფხაზებმა საჯაროდ აღწერონ რაზე საუბრობენ ქართველებთან. ამას სერიოზული დევნა მოჰყვება სერიოზული სტრუქტურების მხრიდან, ამიტომ ერთი-ორად შესუსტებულია ქართულ-აფხაზური დიალოგი.
მით უმეტეს, როგორც წესი, დაფინანსება მოდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან, დემოკრატიის ქვეყნებიდან, რომლებიც მოგეხსენებათ რუსეთს როგორ აღიზიანებს, ამიტომ მგონია, რომ აფხაზეთში სერიოზული მოგუდვა მოხდება სამოქალაქო საზოგადოების, ამას გრძნობენ აფხაზებიც, ამ მიზეზით საჯარო დონეზე, თითქმის მოისპო, ქართულ-აფხაზური დიალოგის ნიშნები“ - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.
აფხაზეთის ომის შემდეგ (1992-93), ქართულ-აფხაზური დიალოგის დასაწყისად 1995-97 წლები მიიჩნევა. ბოლო 30 წლის მანძილზე, ურთულესმა დიალოგმა სხვადასხვა ეტაპი გაიარა, მათ შორის იყო, შლაინინგის ძალიან საინტერესო პროცესი (2000-2007), რომელიც რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის გამო შეწყდა.
არაფორმალური დიალოგის გაგრძელებად და კულმინაციად შეიძლება მივიჩნიოთ, 2006 წლის მაისში, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას ვიზიტი სოხუმში და აფხაზი სეპარატისტების ე.წ „საგარეო მინისტრის“ სერგეი შამბას საპასუხო ვიზიტი თბილისში, რომელიც შარდენის ქუჩაზეც გამოვიდა და თბილისელებს გაესაუბრა.
მას შემდეგ დიალოგი ისევ გაჩერდა, დასუსტდა და ფრაგმენტული გახდა, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები კი თითქოს გამოუვალ ჩიხამდე მივიდა. დღეს, უკრაინის გადამწყვეტი ომის ფონზე, სახეზეა, რომ მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს, დასავლეთზე ფინანსურად დამოკიდებული აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება ჩანასახშივე ჩაკლას.