ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებმა განაცხადეს, რომ მოსკოვი უკრაინაში საკუთარი ძალების შევსებას მოლდოვაში ოკუპირებული ტერიტორიის დნესტრისპირეთის რეგიონიდან ცდილობს. მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამგვარი ცნობები საშიშია და ამის თაობაზე არსებულ შეშფოთებას ისინი რეგულარულად განიხილავენ რუს კოლეგებთან.
დნესტრისპირეთის მცირე ზომის ოლქი, რომელსაც ახლა პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ, მოლდოვის აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს ტერიტორია ოდესიდან მხოლოდ 40 კილომეტრითაა დაშორებული.
დნესტრისპირეთიდან მოქალაქეთა უკრაინის ომში ჩართვასთან დაკავშირებით ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ თქვა, რომ ამგვარი საუბრები მშვიდობას არ ემსახურება. "ეს არ არის ქმედებები, რომლებსაც წვლილი შეაქვს მშვიდობაში ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ასეთი საშიში რამ არ უნდა იყოს წახალისებული. არსებობს რეგულარული შეხვედრების სერიები რუს კოლეგებთან და რუსეთის ელჩთან, სადაც მოლდოვა საკუთარ პოზიციებს ნათლად განმარტავს", - თქვა პოპესკუმ.
განცხადებებს არ გამოხმაურებია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც "როიტერის" ჟურნალისტების შეკითხვებისთვის უპასუხია.
ხუთშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა თქვა, რომ რუსეთი რამდენიმე ტერიტორიაზე, მათ შორის დნესტრისპირეთშიც, შეიარაღების მობილიზებას ცდილობს. მოლდოვა გასულ თვეში აცხადებდა, რომ ის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებოდა. დნესტრისპირეთში 1 500-მდე რუსი სამხედროა განლაგებული. მაგრამ ოფიციალური კიშინიოვის ცნობით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ადგილზე 24 თებერვლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. რუსეთის მხრიდან რაიმე სამხედრო მომზადების ან წვრთნების ჩატარებას უარყოფენ დნესტრისპირეთშიც.