ბირთვული შეთანხმების ბედი - აშშ-ის წარმომადგენელი პესიმისტურადაა განწყობილი

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მალი

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლი ირანის საკითხებში, რობერტ მალი არ არის დარწმუნებული, რომ ბირთვული შეთანხმება მსოფლიოს ძალებსა და ირანს შორის გარდაუვალია. ამის შესახებ მალიმ დღეს ისაუბრა.

ირანთან დადებული 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების აღდგენის მცდელობების წარუმატებლობა, რომელიც შეზღუდავს თეირანის ბირთვულ პროგრამას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური დაძაბულობის მატებას და ნავთობის მსოფლიო ფასების შემდგომ ზრდას რისკავს, ამბობენ ანალიტიკოსები.

”არ შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ ეს გარდაუვალია... რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ [შეთანხმების აღდგენასთან] საკმაოდ ახლოს ვიყავით. ნებისმიერი მოლაპარაკებების დროს, როდესაც არის საკითხები, რომლებიც ღიად რჩება ამდენი ხნის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთულია უფსკრულის გადალახვა“ - განაცხადა მალიმ, დოჰაში გამართულ აერთაშორისო ფორუმზე.

ასევე ნახეთ: რა უნდა ვიცოდეთ დასავლეთის და რუსული გაზის შესახებ

მანამდე, აიათოლა ალი ხამენეის, ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა ივარაუდა, რომ შესაძლოა შეთანხმება მალე შედგეს.

"დიახ, ეს გარდაუვალია. ეს დამოკიდებულია შეერთებული შტატების პოლიტიკურ ნებაზე", - განაცხადა ქამალ ხარაზიმ კონფერენციაზე.

ხარაზი აცხადებს, რომ შეთანხმების აღდგენისთვის, ვაშინგტონმა ირანის ისლამური რევოლუციის მცველებს, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი უნდა მოუხსნას.

შეერთებულმა შტატებმა, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსს, რომელსაც ირანში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აქვს და აიათოლა ალი ხამენეის მიერაა დაფიძნებული, სანქციები 2017 წელს დაუწესა. უცხოური ტერორისტული ორგამნიზაციების სიაში კი 2019 წელს შეიყვანა.

„ისლამური რევოლუციის მცველთა კროპუსი ეროვნული არმიაა და ეროვნული არმიის ყოფნა ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში, რა თქმა უნდა მიუღებელია“ - აცხადებს ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი.

ასევე ნახეთ: „თუ რუსეთთან ხიდებს ყველა დაწვავს, ვინ დაელაპარაკება მათ დღის ბოლოს“ - ერდოღანის პრესსპიკერი

ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსზე დაწესებული სანქციების უმეტესობა ძალაში დარჩება.

ბირთვული შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კი მის აღდგენაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.