შაბათს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საუბრისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თქვა, რომ: „ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში“.
ბაიდენის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პუტინის გადაყენების მოწოდებით არ გამოსულა.
ოფიციალური პირის თქმით, რომლის ვინაობაც თეთრ სახლს არ გაუმჟღავნებია, "პრეზიდენტმა თქვა ის, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს მეზობლებზე ან რეგიონზე, ძალაუფლების გამოყენების საშუალება. ის არ საუბრობდა პუტინის ძალაუფლებაზე რუსეთში ან რეჟიმის შეცვლაზე".
პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ვარშავის სამეფო სასახლის წინ შეკრებილ ხალხს. სიტყვით გამოსვლა მან პოლონელი პაპის იოანე პავლე II-ის სიტყვებით დაიწყო - „ნუ გეშინიათ“.
ჯო ბაიდენმა დღის დასაწყისში პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ერთგული რჩება.
დღესვე ამერიკის პრეზიდენტმა ვარშავაში, ქალაქის მერთან ერთად უკრაინელი დევნილები მოინახულა.
„დღეს როცა მათ ვხვდებოდი ვნახე ადამიანები რომლებსაც თვალები ცრემლიანი ჰქონდათ. ბავშვები, პატარა ბავშვები მეკითხებოდნენ, ბატონო პრეზიდენტო მამაჩემი და ჩემი ძმა ხომ კარგად იქნებიან? დღეს ბევრი უკრაინული ოჯახი გაყოფილია და მამაკაცები მამაცად იცავენ უკრაინას. ქვეყნის მთლიანობას და თავისუფლებას“, - თქვა ბაიდენმა.