„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“ - ამ სახელწოდებით გავრცელებულ განცხადებას, ხელს საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების 60 ორგანიზაცია აწერს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დემოკრატიული მსოფლიოს მთავრობებს, უკრაინის დასახმარებლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ასევე ნახეთ: აშშ რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას განიხილავს„ჩვენ, საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში, შემოუერთდნენ ჩვენს მიმართვას მსოფლიოს მთავრობებისადმი, რომ მათ მკაცრი, ერთიანი და ძლიერი რეაგირება მოახდინონ, რუსეთის ამ თავხედურ და დანაშაულებრივ ქმედებაზე. მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნადგურდება, სანახევრო ზომების დრო არ არის. პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისათვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებაში, მოწოდებები ოთხ პუნქტად არის წარმოდგენილი:
- „გაატარონ მაქსიმალურად მკაცრი ზომები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულონ ის(პუტინი), რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები;“
- „გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, მიაწოდონ ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, და უზრუნველყონ უკრაინის საჰაერო დაცვა სხვა საშუალებებით, როგორიცაა, პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის შესაბამისად, კიევის კონტროლქვეშ არსებული უკრაინის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებზე არასაფრენი ზონების გამოცხადება და აღნიშნულ ზონებში ფრენის აკრძალვის უზრუნველყოფა;“
- „მიაწოდონ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ;“
- „შექმნან სათანადო პირობები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.“
განცხადებაში ასევე საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ ერთი რუსული აგრესია, „დიდწილად დასავლეთის მიერ მაშინ გამოჩენილი არასათანადო სიმკაცრის შედეგია.“
ასევე ნახეთ: ომის 10 დღე„რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს საქართველოც გახდა და პუტინის რეჟიმი ამისათვის დიდწილად დაუსჯელი დარჩა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ, დიდწილად დასავლეთის მიერ მაშინ გამოჩენილი არასათანადო სიმკაცრის შედეგია. დემოკრატიულ მსოფლიოს ისევ იგივე შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და მან ევროპის შუაგულში მიმდინარე ამ ღია აგრესიას სათანადო პასუხი უნდა გასცეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის აქტია, სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ და წარმოადგენს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის მცდელობას, რაც საერთაშორისო საზოგადოებისაგან მაქსიმალურად მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.“