საქართველოს მთავრობა უკრაინას ერთ მილიონ ლარს გამოუყოფს

უკრაინის დასახმარებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ თანხით უკრაინელების დასახმარებლად, შეისყიდიან მედიკამენტებსა და სამედიცინო ინვენტარს.

ეს განკარგულება საქართველოს მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე დღეს მიიღო. განკარგულებას ხელი პრემიერმა ღარიბაშვილმა მოაწერა.

"სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედივინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის" - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დახმარებაში შედის ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგანი, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და ჟანგბადის კონცენტრატორი.