თეთრი სახლის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ლიდერები, ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, გმობენ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის არჩევას და თავდასხმებს უკრაინის სუვერენიტეტსა და მოსახლეობაზე. ისინი დგანან უკრაინის მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ საგმირო მოქმედებებში რუსეთის ინტერვენციის დასაძლევად. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ომი არის თავდასხმა ფუნდამენტურ საერთაშორისო წესებსა და ნორმებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედებდა და რომელთა დასაცავად დასავლელი პარტნიორები მზად არიან. "რუსეთს პასუხს ვაგებინებთ და კოლექტიურად უზრუნველვყოფთ, რომ ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხი იქნება", - აცხადებენ ისინი.
„მაშინ, როცა რუსეთის ძალები კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებს თავს ესხმის, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გადავახდევინოთ რუსეთს საფასური, რაც მის კიდევ უფრო იზოლირებას გამოიწვევს საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან და ჩვენი ეკონომიკებიდან“, - განაცხადეს დასავლელმა მოკავშირეებმა.
დასავლეთის ქვეყნების ამ ნაბიჯის ფონზე, უკრაინის მასშტაბით ბრძოლები გრძელდება. კიევში აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. რუსული ჯარი ქალაქს უტევს. ლიდერები განმარტავენ, რომ ერთობლივად მიიღეს შემდეგი ზომები:
"პირველი, გადავწყვიტეთ, შერჩეული რუსული ბანკები "სვიფტის" სისტემიდან მოვხსნათ. ამ ნაბიჯით აღნიშნულ ბანკებს გავთიშავთ საერთაშორისო ფინანსური სისტემისაგან და ზიანს მივაყენებთ მათ გლობალურ ოპერაციებს.
მეორე, გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ შემზღუდველი ზომა, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ბანკს ხელს შეუშლის, გამოიყენოს საერთაშორისო რეზერვები იმგვარად, რომ სანქციების გავლენა შეამციროს.
მესამე, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინასთან ომსა და რუსეთის მთავრობის საზიანო ქმედებებში. კერძოდ, გადავწყვიტეთ, მივიღოთ ზომები და შევზღუდოთ მოქალაქეობის გაყიდვა - ე.წ. "ოქროს პასპორტები" - რომელიც რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს საშუალებას აძლევს, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები გახდნენ და ჩვენ ფინანსურ სისტემებზე წვდომა მიიღონ.
მეოთხე, გადავწყვიტეთ, მომდევნო კვირაში ავამოქმედოთ ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ფინანსური სანქციების ეფექტურ აღსრულებას ჩვენს იურისდიქციებში მოქმედი სანქცირებული პირებისა და კომპანიების იდენტიფიცირებისა და მათი აქტივების გაყინვის გზით. ამ ძალისხმევის ფარგლებში გადავწყვიტეთ, ავამოქმედოთ სანქციები რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და ელიტის, აგრეთვე მათი ოჯახების წევრებისა და ხელის შემწყობი პირების წინააღმდეგ მათი იდენტიფიცირებისა და იმ აქტივების გაყინვის გზით, რომელსაც ჩვენს იურისდიქციაში ფლობენ. აგრეთვე, დავუკავშირდებით სხვა მთავრობებს და ვიმუშავებთ, რათა აღმოვაჩინოთ და აღვკვეთოთ უკანონო გზებით მოპოვებული ქონების მოძრაობა და არ დავუშვათ, რომ ამ პირებმა აქტივები მსოფლიოს სხვადასხვა იურისდიქციებში გადამალონ.
და ბოლოს, გავააქტიურებთ კოორდინაციას დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს, ლიდერები დგანან უკრაინელი ხალხის გვერდით. დღეს გამოცხადებული ზომების გარდა, მზად ვართ, მივიღოთ სხვა ზომებიც, რომელებიც რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინაზე თავდასხმისათვის," - აცხადებენ დასავლელი ლიდერები.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები, 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინული შეიარაღებული ძალები ქვეყნის დასაცავად და მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იბრძვიან. დასავლეთის ეს ნაბიჯი ემატება რუსული ბანკებისა და ინდივიდების წინააღმდეგ აქამდე მიღებულ სანქციებს.