ზელენსკი: კიევში რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა შემოაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ მოსახლეობას უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა კიევში შეაღწიეს.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც დღეს გვიან ღამით გავრცელდა, ზელენსკიმ თქვა: "ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მიზანში ნომერ პირველად მე, ხოლო ნომერ მეორედ ჩემი ოჯახი ამოიღო. მათ სურთ, რომ სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით, გაანადგურონ უკრანია პოლიტიკურად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მტრის დივერსიულმა ჯგუფებმა შემოაღწიეს კიევში".

ზელენსკის თქმით, მისი ოჯახის წევრები ახლა იმალებიან, ვინაიდან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა თავად არსად წასვლას არ აპირებს. "მე ვრჩები სამთავრობო შენობაში სხვებთან ერთად",- თქვა ერისადმი მიმართვის დროს ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ: პუტინი ბიზნესმენებს: სხვა გზა არ მქონდა...

ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობასაც მიმართა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. "მოსახლეობას ძალიან ვთხოვ: ფრთხილად იყავით, მიჰყევით კომენდანტის საათის წესებს".

ზელენსკიმ მსხვერპლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხუთშაბათს საღამოს მონაცემებით, გარდაცვლილია მინიმუმ 137 ადამიანი. მათ შორისაა 10 ოფიცერი და 13 საზღვრის დამცველი.

პრეზიდენტის ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი. ყველა მათგანმა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო.