კამალა ჰარისი ვოლოდომირ ზელენსკის შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. კამალა ჰარისმა და ვოლოდომირ ზელენსკიმ უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ სამხედრო ძალების განლაგების და განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„რუსეთის მიერ უკრაინაში კვლავ შეჭრის შემთხვევაში, მათ ერთიანი ტრანსატლანტიკური მიდგომა განიხილეს. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სწრაფ და მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რომლებიც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მომზადდა. ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი ზელენსკი შეთანხმდნენ დიპლომატიისა და დეესკალაციის მნიშვნელობაზე“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - დასავლელი ლიდერები მოსკოვს აფრთხილებენ

გერმანია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაზე შეკრებილი დასავლელი ლიდერები მოსკოვს იმ შედეგების შესახებ აფრთხილებენ, რომლებიც უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემთხვევაში დადგება.

„ჩვენ მოვამზადეთ ეკონომიკური ზომები, რომლებიც იქნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი. ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებ და ძირითად ინდუსტრიებს“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა 18 თებერვალს.

დღესვე, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების ჩართულობით, სტრატეგიული ბირთვული წვრთნები დაიწყო. მოსკოვი აცხადებს, რომ წვრთნები არ უკავშირდება უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების განლაგებას.

ასევე ნახეთ: რუსეთმა ბირთვული წვრთნები დაიწყო