"ოსკარების" დაჯილდოება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება

ამერიკის კინოაკადემია "ოსკარების" 2022 წლის დაჯილდოების 94-ე ცერემონიაზე დამსწრე ყველა სტუმარს, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის დამადასტურებელი ცნობის და სულ მცირე, ორი კოვიდ-უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენა მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" აკადემიის გადაწყვეტილებების მცოდნე პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე ნახეთ: განსხვავებული და არაორდინალური ოსკარი, კინოაკადემიის 93-ე დაჯილდოება დასრულდა

შემსრულებლებსა და წამყვანებს ასევე მოუწევთ PCR ტესტების გაკეთება, თუმცა ვაქცინაციის დადასტურებას მათ არ მოსთხოვენ. პირბადის ტარების მოთხოვნა კი შესაძლოა განსხვავებული იყოს. ნომინანტები და მათი სტუმრები, რომლებიც ჰოლივუდის დოლბის თეატრის ქვედა ნაწილში ისხდებიან, პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ. ისინი სავარაუდოდ, სოციალური დისტანციის დაცვით იქნებიან წარმოდგენილნი. დარბაზში, სადაც 3 317 ადგილია, ამჯერად 2 500-ზე მეტი ადამიანი არ იქნება მოწვეული.

დარბაზის სხვა ნაწილში კი, სადაც სტუმრები გვერდიგვერდ ისხდებიან, მათ პირბადის ტარება მოუწევთ. ლოს-ანჯელესში კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ღონისძიების ორგანიზატორები კი ინფექციონისტებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ დაჯილდოების რეგულაციების შესაბამისად და უსაფრთხოდ ჩასატარებლად. ცერემონიაზე ვაქცინაციის სავალდებულო მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია პირველად "ნიუ-იორკ თაიმსმა" გაავრცელა.

"ოსკარების" ცერემონიას წელს პირველად - 3 ქალი წაიყვანს: ემი შუმერი, რეჯინა ჰოლი და უანდა საიკსი.