შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხუთშაბათს მიუნხენში მიემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის ისაუბრებს რუსეთ-უკრაინის კრიზისის შესახებ და ყურადღებას გაამახვილებს მოკავშირეებთან კონსულტაციაზე.
ასევე ნახეთ: 18 თებერვალს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის შეხვედრა შედგებაგერმანიაში ყოფნისას ასევე დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან.
ჰარისი მიუნხენში შაბათს სიტყვით გამოვა, რომლის დროსაც ის ნატოს წევრებს შორის ერთიანობაზე ისაუბრებს, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს იმას, თუ როგორ არის ეს ერთობა სიძლიერის საფუძველი, რომელიც საშუალებას მოგვცემს სწრაფად და მკაცრად ვუპასუხოთ რუსეთის შემდგომ აგრესიას“, განუცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტი „ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ დატოვებს უკრაინაში შემდგომი შეჭრა რუსეთს უფრო სუსტს და არა ძლიერს“.
„ჩვენი უპირატესობა დიპლომატია და შეკავებაა, მაგრამ თუ რუსეთი აგრესიას აირჩევს, ჩვენ მზად ვართ“, აცხადებს თეთრი სახლი.
რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. მიმდინარე კვირას გამოაცხადა, რომ დაიწყო ჯარების გაყვანა უკრაინის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებიდან. ნატო აცხადებს, რომ ამის მტკიცებულება არ ჯერ არ აქვს.