კრემლი ნატო-ს გამოწვევას უგზავნის - რიჩარდ ლუგარი

რუსეთს და თურქეთს შორის მომხდარი ინციდენტი კრემლის მხრიდან ნატო-ს გამოცდის კიდევ ერთი მცდელობაა - აცხადებს ამერიკის ყოფილი სენატორი და რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი რიჩარდ ლუგარი.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ყოფილი სენატორი და რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი რიჩარდ ლუგარი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავის სირიის საზღვარზე ჩამოგდების ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კრემლი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გამოცდას უწყობს. კერძოდ - გამოწვევას ნატო-ს დებულების მეხუთე მუხლს უგზავნის. აქედან გამომდინარე, ლუგარი ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი ძალების ჩაყვანის მომხრეა.

რეალურად ამ ყველაფრით ნატო- ცდიან და ეს გამოცდა შესაძლოა დღესაც იზრდებოდეს. მეორეს მხრივ, მეხუთე მუხლი კვლავ ძალაშია: თუ ნატო- წევრ ქვეყანაზე იერიში განხორციელდა, ყველა დანარჩენი მოვალეა მას დაეხმაროს. შეერთებული შტატების არმიაში ბევრი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბედის ცდას, იქ ჯარები გაგზავნა სჯობს, რათა საზღვარზე წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა სწრაფად და ეფექტურად მოხდეს- ამბობს ის.

რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე ამ ინციდენტამდეც არაერთხელ დაარღვია. ნატო-ს ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს კრემლის მხრიდან ალიანსის მიერ კონტროლირებულ საჰაერო სივრცეში შეჭრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 50 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, 400 ფაქტიდან 150 ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე განხორციელდა.

რუსეთი მოწინააღმდეგის მიმართ, როგორც ცნობილია, ჰიბრიდული ომის მეთოდებსაც იყენებს, მათ შორის მიმართავს კიბერ-იერიშებს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენადაა ადაპტირებული ნატო-ს დებულების მეხუთე მუხლი არა ფიზიკური საზღვრის დარღვევაზე, არამედ უფრო დახვეწილი, თანამედროვე ტიპის თავდასხმებზე.

„თქვენ მნიშვნელოვანი კითხვა დასვით იმაზე, თუ როგორ შეიძლება ომის წარმოება მომავალში. საკმაოდ ბევრი ლაპარაკობს უკვე კიბერ-ომებზე, ინსტიტუტების მოშლის შეუზღუდავ შესაძლებლობებზე. სულ რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო სფეროზე, აიღეთ საავადმყოფოები, ბანკები... საშინელება მოხდება! და ეს ყველაფერი სამხედრო იერიშის გარეშე, რადგან დღევანდელ სამყაროში განსხვავებული ტიპის საომარი იარაღიც არსებობს.

ვფიქრობ, ეს გარემოება საკმარის დონეზე არ არის გააზრებული, ისე, როგორც საჭიროა, არც ნატო-ს და არც ნებისმიერი სხვა ძალის მიერ. არც ის, თუ რა გზით უნდა დაეხმარო ამ შემთხვევაში პარტნიორ ქვეყანას“ - აღნიშნავს ყოფილი სენატორი.

რიჩარდ ლუგარი მომავალში რუსეთისგან ახალ თავდასხმებს არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამერიკის კონგრესში მიმდინარე მოსმენებზე საკმაოდ ბევრი სამხედრო ოფიციალური პირი ემხრობა პრევენციის მიზნით აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სახმელეთო ძალების გაგზავნას. აუცილებელია, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს ნატო-ს რწმენა განუმტკიცდეთ - აცხადებს რიჩარდ ლუგარი.

იხილეთ მასალის ტელევერსია, რომელიც ტ/კ "მაესტროსთვის" მომზადდა.