ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეამ ამერიკის სამი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ამერიკის სამი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი მალე სახლში დაბრუნდებიან.

პრეზიდენტმა განცხადება შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის ფხენიანში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა პრეზიდენტ ტრამპსა და ჩრ. კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნის ისტორიული ვიზიტის მოსამზადებლად.

პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელებს, რომლებიც პომპეოსთან ერთად ბრუნდებიან შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წინააღმდეგ საქმიანობის წარმოებაში და ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი. სამივე მათგანი კორეული წარმოშობისაა.

კი დონ ჩული 2015 წელს დააპატიმრეს. მას ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და მძიმე შრომის კოლონიაში 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კიმ სანგ დაკი 2017 წელს აეროპორტში დააკავეს, როცა ის ფხენიანიდან გამოფრენას აპირებდა. კიმი ჩინეთის იანბიანის უნივერსიტეტის პროფესორია და დაპატიმრებმადე ერთი თვით ადრე ფხენიანის მეცნიერებათა უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. მასაც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდე მტრულ საქმიანობაში დასდეს ბრალი.

მესამე გათავისუფლებული პატიმარი კიმ ჰაკ სონგია. ის ჩინეთში დაიბადა და მოგვიანებით ამერიკაში ჩამოვიდა, სადაც განათლება მიიღო და ნატურალიზაციის გზით მოქალაქე გახდა. ის 2017 წლის მაისში “მტრული აქტის” ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG