ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გავაგრძელებთ ერთობლივ, შეთანხმებულ ქმედებას - ზელენსკი ბლინკენთან საუბრის შემდეგ


დღეს დაგეგმილ ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტთა სატელეფონო საუბრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეფონით ისაუბრეს. ბლინკენთან საუბარს ზელენსკი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ეხმაურება.

„შევთანხმდით გავაგრძელოთ ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება. ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწვეტი მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების მადლიერი ვართ“, განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, ვლადიმირ პუტინთან საუბარში, პრეზიდენტი ბაიდენი, სავარაუდოდ მკაცრ გაფრთხილებას გამოთქვამს უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის წინააღმდეგ. ვიდეო საუბრის მთავარი თემა, რუსული ჯარების თავმოყრა და ასევე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების ძალისხმევა იქნება.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებისთვის გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე თქვა, ბაიდენი პუტინისთვის ნათელს გახდის, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას მიმართავს, ამისთვის „ძალიან რეალური საფასური“ იქნება. „ამ ნაბიჯის გადადგმისთვის იქნება ნამდვილი, შინაარსიანი და ხანგრძლივი საფასური“, თქვა ოფიციალურმა პირმა. თუ რუსეთი თავდასხმას განახორციელებს, შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები მზად არიან „საფუძვლიანი ეკონომიკური საპასუხო ზომებისთვის... რაც რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვან და მძიმე ზიანს მიაყენებს“, განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ შესაძლო დიდი სამხედრო შეტევისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათობით ათას სამხედროს მოუყარა თავი. რუსეთმა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შესახებ საუბრებს პანიკის დათესვა უწოდა და შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაახასიათა, როგორც „სავალალო მდგომარეობაში მყოფი“.

შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიშებმა მიანიშნეს, რომ შესაძლოა რუსეთი უკვე 2022 წლისთვის უკრაინაში შესაჭრელად ემზადებოდეს. რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს დაიპყრო და აღმოსავლეთ უკრაინაში მხარს უჭერს სეპარატისტებს, რომლებმაც იმავე წელს კიევის წინააღმდეგ სისხლიანი ომი გააჩაღეს.

მოსკოვმა მოითხოვა იმის წერილობითი გარანტია, რომ უკრაინას ნატოში შესვლის ნება არ მიეცემა. ასეთ სცენარს მოსკოვი „წითელ ხაზს“ უწოდებს. კრემლმა კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების და შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში სამხედრო წვრთნების თაობაზეც შეშფოთება გამოთქვა.

ნატოს და უკრაინას, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ქვეყნის მიერ 1990-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული სამხედრო მოქმედების შემდეგ, ორმა მხარემ სამხედრო თანამშრომლობა გააღრმავა. 2017 წელს უკრაინამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი სტრატეგიული ამოცანა ნატოში შესვლაა. თუმცა, ზაფხულში ზელენსკიმ ამ საკითხზე იმედგაცრუება გამოთქვა და ბაიდენს მოუწოდა კიევს ან „ჰო“ უთხრას, ან „არა“ ალიანსში შესვლის გეგმასთან დაკავშირებით.

2014 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, უსაფრთხოების დარგში დახმარების სახით 2.5 მილიარდი დოლარი გამოუყო. ვაშინგტონმაც და ნატომაც, რუსეთის აგრესიის წინაშე მდგარ უკრაინას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვეს. მოსკოვის ულტიმატუმების შესახებ ბაიდენმა თქვა, რომ “არავის წითელ ხაზებს“ ის არ მიიღებს.

ბაიდენი და პუტინი პრეზიდენტების რანგში პირისპირ ერთხელ, ივნისში, ჟენევაში შეხვდნენ. ივლისში კი მათ ტელეფონით ისაუბრეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG