შეერთებულ შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, კიევს „ურყევ მხარდაჭერას" უცხადებს.
ამერიკა „ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ - წერია 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც 1930-იან წლებში, „ჰოლოდომორის“ დროს გარდაცვლილ უკრაინელთა ხსოვნას მიაგებს პატივს.
კიევი და დასავლელი პარტნიორები, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 000 ჯარისკაცი განალაგა და თებერვლის დასაწყისში ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს.
მოსკოვი ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს.
რუსეთმა შავ ზღვაში, უკრაინის სამხრეთით, სამხედრო წვრთნები ჩაატარა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება, „რუსეთის საზღვრებთან, ნატოს ქვეყნების მზარდი აქტივობის“ გამოც აუცილებელი გახდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, წვრთნების ფარგლებში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა და გემებმა, საზღვაო ბაზებზე საჰაერო თავდასხმების მოგერიებასა და საჰაერო დარტყმებით პასუხის სწავლება გაიარეს.
პარალელურად, ჩრდილოეთის საზღვრის მახლობლად წვრთნები დაიწყო უკრაინამ. კიევი აცხადებს, რომ სწავლება პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის პოტენციური გავრცელებისთვის მზადყოფნას ითვალისწინებს მიზნად.
კრემლის თქმით, ვლადიმირ პუტინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას, შეშფოთება გამოთქვა უკრაინის „პროვოკაციების“ გამო.
პუტინმა „უკრაინული მხარის მუდმივ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომელიც კონტაქტის ხაზზე ვითარების გამწვავებას ისახავს მიზნად, შეშფოთება გამოთქვა“ - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაადასტურა. ის წერს, რომ „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედრო გაძლიერებას.“
მანამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამერიკული ბობმდამსენები რუსეთის საზღვრებს ძალიან მიუახლოვდა. პენტაგონი აცხადებს, რომ ჩატარებული წვრთნები სრულად იცავდა საერთაშორისო პროტოკოლს.
დღეს კი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება. მისი თქმით, ეს „პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ ზარალს“ გამოიწვევს.
„ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა აქვს პუტინს გონებაში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მას ნათლად გავაგებინოთ - უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდება. ამიტომ, უმჯობესია ეს არ მოხდეს“ - განაცხადა სატელევიზიო ბრიფინგისას დმიტრი კულებამ.
კულებას თქმით, უკრაინის მთავარი მიზანი, რუსეთის მხრიდან, „შემდეგი აგრესიული ქმედებების შეკავება“ იყო.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, 2.5 მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინამ შეერთებული შტატებისგან, სანაპირო დაცვის ორი განახლებული საპატრულო კატარღა მიიღო.
Facebook Forum