ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვფიქრობთ, რომ შეიძლება საქართველო აღარაა ერთგული დემოკრატიული და ევროპული გზისა - უილიამ კორტნი


„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე, დასავლეთში უამრავი უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ვაშინგტონში სენატორები, კონგრესმენები, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღალ დააყენონ.

„გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა. დასავლური გადმოსახედიდან, თავდაპირველად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე და ახლა კი „ქართულიოცნების“ მიერ ევროკავშირის დახმარებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა, ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს“,- ასე აფასებს ბოლო დროს თბილისში მიმდინარე მოვლენებს, უილიამ კორნტი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ. ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად“,- ეს ნაწყვეტია იმ განცხადებიდან, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოაქვეყნა. ის თავად იყო და დღემდეა ჩართული ამ მოლაპარაკების მიღებასა და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში.

უილიამ კორტნი, რომელიც მიშელის მსგავსად, დიპლომატია, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველმა პოლტიკოსებმა გაიაზრონ შარლ მიშელის ჩართულობის მნიშვნელობა და ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ევროკავშირმა ამ შეთანხმების მიღწევაში ჩადო.

„მნიშვნელოვანია ქართველებმა გაიაზრონ, რომ შარლ მიშელი, თბილისში, პერსონალურად ჩავიდა ამ მოლაპარაკებებისთვის. ეს ნამდვილად, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ქმედება იყო ევროკავშირის მხრიდან, რადგან მათ ადარდებთ საქართველო. კომპრომისი იყო, თუმცა ეს გონივრული კომპრომისი იყო. ახლა ამ შეთანხმებიდან გამოსვლა, შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ევროპასა და ზოგადად, დასავლეთს, რომ საქართველო არც ისე ერთგულია ევროპული გზისა, როგორც ამას ვფიქრობდით. ასე რომ ორივეს, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქმედებებმა სიგნალი გაუშვა, რომ ისინი იმაზე ნაკლებად არინ ერთგული ევროპული ღირებულებებისა, ვიდრე ეს ჩანდა“,- ამბობს კორტნი.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, ოპოზიციონერების ნაწილმა პარლამენტი დატოვა, ნაწილმა კი არჩევნების შესაძლო ბოიკოტზე დაიწყო საუბარი. კორტნი თვლის, რომ ეს არსებული პოლარიზაციიდან გამოსავალი არ არის. პოლარიზაცია და არსებული კრიზისი კი „აქრობს საქართველოს შანსს ევროპისა და დასავლეთისკენ სავალ გზაზე“.

ექსპერტები ვაშინგტონში, ისევე, როგორც ევროპაში თვლიან, რომ მნიშვნელოვანია კრიზისზე ორივე მხარემ ერთად იმუშაოს. ბოიკოტი, მოლაპარაკებებზე უარის თქმა და გაჯიუტება კი გამოსავალი არ არის. კორტნი თვლის, რომ ასეთი საქციელი, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან, საშიშ გზავნილებს აგზავნის დასავლეთში.

„არჩევნებისა და პარლამენტში ადგილების ბოიკოტირება დასავლეთში შეშოთებას იწვევს და აჩვენებს, რომ პოლიტიკა საქართველოში ძალიან დანაწევრებული და პოლარიზებულია. დემოკრატია კი კარგავს გარკვეულ იმპულსს. დასავლეთის გადმოსახედიდან, ჩვენ არ ვუყურებთ ამას, როგორც ერთი, ან მეორე მხარის დანაშაულს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება საქართველო, როგორც ქვეყანა, აღარაა ერთგული დემოკრატიული და ევროპული გზისა“.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის საელჩომაც საქართველოში. განცხადებაში, რომელიც მოვისმინეთ, ნახსენები იყო სიტყვები „შეწუხებული და გაბრაზებული“. საელჩომ ყველა მხარეს მოუწოდა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღოს მიშელის შეთანხმების შესრულებაზე.

ყოფილი ელჩი, რომელიც კარგად იცნობს ამერიკის და საქართველოს შიდა პოლიტიკას, ასევე იცის ასეთი განცხადებების მნიშვნელობა, გვეუბნება, რომ ასეთ მკაცრ კრიტიკას ამერიკა, მხოლოდ საქართველოსადმი სიყვარულის გამო ავლენს.

„ამას ხანდახან მეგობრების მხრიდან გამოხატულ "მკაცრ სიყვარულს" უწოდებენ ხოლმე. ამერიკა შიშობს, რომ საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების მხრივ არის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა გაიგონ, რომ როდესაც დასავლეთი მათ აკრიტიკებს დემოკრატიაში არსებული პროლემების გამო, ამას აკეთებს იმიტომ, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან“, -განმარტავს კორტნი.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ“,- თქვა მან და დაამატა რომ „შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემობრუნებაზე საუბარი არასერიოზულია“.

კობახიძემ დღეს ხაზგასმით თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პრინციპულია და ის არ შეიცვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG