ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვითარება რთულია“ - საბერძნეთის დედაქალაქს ტყის ხანძარი უახლოვდება


ათენის გარეუბანში გაჩენილი ტყის ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქს უახლოვდება და საფრთხეს უქმნის. სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარება „უკიდურესად რთულია“. ამ დრომდე სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე მაშველი ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებს.

ეპიცენტრში მობილიზებულია 700-ზე მეტი მეხანძრე და მოხალისე, 200-მდე სახანძრო ავტომობილი და 35 სპეციალური თვითმფრინავი. საბერძნეთის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა ევროკავშირსაც.

„სიტუაცია უკიდურესად მძიმეა“, - ამბობს ვასილ ვათრაკოგიანისი სახანძრო სამსახურის პრესსპიკერი და განმარტავს, რომ ხანძრის ეპიცენტრში აფეთქებებიც ხდება, რაც ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს. მეხანძრე-მაშველების მუშაობას აფერხებს და ტყის ხანძარს ხელს უწყობს ძლიერი ქარიც.

ათენიდან 35 კილომეტრის დაშორებით გაჩენილმა ხანძარმა ასობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება აიძულა. ევაკუაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ძლიერმა ცეცხლმა უკვე გაანადგურა, ტყის მასივის დიდი ნაწილი, სახლები და ავტომობილები.

საბერძნეთში ტყის ხანძრები ხშირად ფიქსირდება ცხელი და მშრალი ამინდის გამო, თუმცა სპეციალისტების თქმით, ბოლო დროს ხანძრები უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა, მიზეზი კი კლიმატის ცვლილებებია.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ტყის ხანძრები ფიქსირდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ესპანეთში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG