ჩინეთი დონალდ ტრამპის მიერ კორონავირუსზე საუბრისას მის "ჩინურ ვირუსად" მოხსენიებას ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს. ვირუსი ამჟამად 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოყენებული სიტყვები ჩინეთის სტიგმატიზებას ახდენს.
ტრამპმა ორშაბათს "ტვიტერზე" დაწერა: "შეერთებული შტატები ძლიერად დაუჭერს მხარს ინდუსტრიებს, მაგალითად საჰაერო გადაადგილების ინდუსტრიას და სხვებს, რომლებზეც ჩინური ვირუსი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს."
გასულ კვირას კი ტრამპმა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლის "ტვიტი" გააზიარა, სადაც კოვიდ-19 ასევე "ჩინურ ვირუსად" იყო მოხსენიებული.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდს კონგრესში გამოსვლისას ჰკითხეს, იყო თუ არა სრულებით მცდარი და შეუფერებელი ამ ვირუსის ამგვარად მოხსენიება. რედფილდმა უპასუხა: "დიახ".
"ჩინეთი პირველ ფაზაში იყო. კორეა და ირანი კი უკვე მესამე და მეორე ფაზებში იყვნენ. შემდეგ იტალია და ახლა უკვე მთელი ევროპა", - თქვა რედფილდმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ ვირუსს, რომელიც მსოფლიოშია გავრცელებული - კოვიდ-19-ს უწოდებს. სახელის გამოცხადებისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მისი სწორი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა ის სწორედ ასე მოვიხსენიოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სხვა სახელების გამოყენება, რომლებიც შეიძლება არაზუსტი იყოს, ან ზოგიერტი კუთხით სტიგმატიზებას უწყობდეს ხელს.