ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოხმაურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტაზე


ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე, არანაირი გამართლება არ აქვს მაშინ, როცა ორგანიზაციის საქმიანობა "უფრო საჭიროა, ვიდრე არასდროს" - აცხადებს ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი. მისი თქმით, "მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შევძლებთ იმ კრიზისის დაძლევას, რომელიც საზღვრებს არ ცნობს".

სამშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ გაეროს ჯანდაცვის წამყვან ორგანიზაციას დაფინანსებას შეუწყვეტს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ადეკვატურად არ გამოიძია ჩინეთიდან წამოსული პირველადი ანგარიშები ვირუსის გავრცელების შესახებ.

მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-19-ის პანდემია ჯერ კიდევ პიკისკენ მიიწევს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური ბაზის მონაცემებით, დღეს დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. ტესტირებაზე დაბალი ხელმისაწვდომობის გამო, ეს რიცხვი სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია. ამ დრომდე კი ვირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 126 000-ს გადაცდა.

დღეისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15 000-ზე მეტია საფრანგეთშიც. აქამდე ეს ზღვარი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იტალიას და ესპანეთს ჰქონდა გადაკვეთილი (თუ ჩინეთში ცენზურაგავლილ ინფორმაციას დავეყრდნობით).

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაბიჯი დღეს დილით ბილ გეიტსმაც გააკრიტიკა, კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა და მსოფლიოს ჯანდაცვაში ხანგრძლივად ჩართულმა ქველმოქმედმა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერება მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისის პერიოდში ისევე საშიშია, როგორც ჟღერს. მათმა მუშაობამ კოვიდ-19-ის გავრცელება შეანელა და თუ ეს საქმიანობა შეწყდა, არ არსებობს ორგანიზაცია დედამიწაზე, რომელიც მათ ჩაანაცვლებს. მსოფლიოს დღეს ის სჭირდება როგორც არასდროს" - დაწერა ბილ გეიტსმა "ტვიტერზე".

ჩინეთი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ყველა ქვეყანას დაეტყობა. ამასთან, ეს ხდება მაშინ, როცა პანდემიასთან ბრძოლა კრიტიკულ ფაზაშია.

მომხდარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასიც გამოეხმაურა. მან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაიცვა და თქვა, რომ ახლა განტევების ვაცის ძებნა "არავის დაეხმარება".

"მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში... ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია გაეროს გაძლიერებაა. განსაკუთრებით კი ცუდად დაფინანსებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომელიც ავითარებს და არიგებს ტესტერებს და ვაქცინებს" - დაწერა მან "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG