გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ კოვიდ-19-ის თაობაზე სიცრუის და ყალბი ინფორმაციის დიდი ნაკადები ვრცელდება. მისი თქმით, ეს "დეზინფორმაციის საშიში ეპიდემიაა", იგივე "მისინფო-დემია", რომელიც გულისხმობს ტყუილებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცრუ რჩევებს, შეთქმულების თეორიებს, გველის ზეთით მკურნალობის მსგავს საშუალებებს და სხვა. მისი თქმით, ამგვარი ცნობები საწამლავს ჰგავს, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
გუტერეშმა ჟურნალისტებს და ფაქტების შემმოწმებლებს, ე.წ. "ფაქტჩექრებს" მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი ამოწმებენ მცდარ ინფორმაციასა და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ამბებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა კონკრეტული ჯგუფების მიმართ სტიგმატიზაციის გამომწვევი და ხელშემწყობი მასალების მავნებლობაზეც ისაუბრა.
"მოდით, ერთად ვუთხრათ უარი ტყუილებსა და ნონსენსს, რომელსაც ვხედავთ. საერთო მიზნისთვის, ფაქტების საერთო აღქმითა და საღი აზრით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდ-19 და ავაშენოთ უფრო ჯანსაღი, უფრო უკეთ აღჭურვილი, სამართლიანი და გამძლე, მდგრადი მსოფლიო", - თქვა გუტერეშმა.
Facebook Forum