ანტონიო გუტერეშმა კვირას განაცხადა, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ქალების და გოგოების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტების რაოდენობაც გლობალურად იზრდება. გაეროს გენერალურმა მდივანმა მიზეზად კოვიდ-19-ის გავრცელების დროს, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული წნეხის ზრდა დაასახელა.
"ბევრი ქალის და გოგოსთვის საფრთხე იქ იმალება, სადაც ისინი ყველაზე უსაფრთხოდ უნდა იყვნენ - საკუთარ სახლში. მოდით, ახალი მოწოდება გავავრცელოთ დღეს: მშვიდობა სახლში და მშვიდობა მთელი მსოფლიოს სახლებში" - თქვა გუტერეშმა. მისი თქმით, კარანტინების, მიმოსვლის შეზღუდვის და მზარდი უმუშევრობის გამო, ძალადობის ფაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება.
მსოფლიო
წლის დასაწყისიდან, ქალების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტების ზრდაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ბევრმა ქვეყანამ აუწყა. საფრანგეთში ძალადობის რაოდენობა მარტო ერთ კვირაში, საერთო რაოდენობის მესამედით გაიზარდა. ავსტრალიაში ზრდამ 75% შეადგინა.
სამხრეთ აფრიკაში გამოცხადებული შინ დარჩენის რეგულაციის პირველივე კვირაში, პოლიციამ ოჯახური ძალადობის შესახებ 90 000 ზარი მიიღო. თურქეთში, 11 მარტს კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ოჯახური უსიამოვნების გამო, ქალების მკვლელობების ფაქტებმა იმატა.
"ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, ქალების წინააღმდეგ ძალადობა გახდეს კოვიდ-19-ზე ეროვნული რეაგირების მნიშვნელოვანი ნაწილი" - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი. ის ითხოვს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები ჩაითვალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებად.
ანტონიო გუტერეში ასევე მოუწოდებს მთავრობებს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგანგებო გაფრთხილების/განგაშის სისტემები მომზადდეს და განთავსდეს აფთიაქებში და მაღაზიებში. ეს დაეხმარება ქალებს, რომ მათ დახმარება ისე მოითხოვონ, რომ მოძალადეებმა ამის შესახებ ვერ შეიტყონ და ვერ შეაჩერონ ისინი.
საქართველო
31 მარტს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში - საიამ, კავშირმა "საფარი" და პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის, ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
"აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტი ქალი დაგვიკავშირდა, ვიდრე სხვა დროს. საერთაშორისო გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა დამატებითი გამოწვევაა, რასაც სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს".
COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად, ქალებს და გოგოებს შინ დარჩენა უწევთ, რითაც განცხადების მიხედვით, მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას "მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ". შესაბამისად, სახლი აღარ არის ქალების და გოგოებისთვის უსაფრთხო ადგილი.
ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული ზომები ამცირებს მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც. ეს "დამატებითი ბარიერია" მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფის საქმეში.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლისთვის დამატებით რისკს ქმნის ის გარემოება, რომ პანდემიის გამო პრობაციონერები, რომელთა შორის არიან ოჯახური დანაშაულისთვის გასამართლებულები, ახლა გათავისუფლებული არიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უფლებადამცველები რამდენიმე ზომის გატარებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის დასახელებულია: ადვოკატების დისტანციურად ჩართულობის უზრუნველყოფა; იმ წესების ადაპტირება, რომელიც მსხვერპლს და ადვოკატს მისცემს შესაძლებლობას, დისტანციურად იყვნენ ინფორმირებულები გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ საქმის მასალებს; სადაც შესაძლებელია, გამოძიების დისტანციურად ჩატარება.
განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, რომ მათ გააკეთონ მკაფიო საჯარო მოწოდებები," რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ დარჩება რეაგირების გარეშე". იუსტიციის სამინისტროს ისინი მოუწოდებენ, განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკების შემცირების მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები პრობაციონერთა მიმართ, რომლებიც სასჯელს ოჯახური დანაშაულისათვის იხდიდნენ.
Facebook Forum