შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რიგით მეორე პროცესი გრძელდება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი სენატში მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირებას ირჩევს და ამბობს, რომ ის ახლა ძირითადად ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქებაზეა ფოკუსირებული.
ადევნებთ თუ არა თვალს პროცესს ტელევიზიით - ჰკითხეს ოვალურ ოფისში შეკრებილმა ჟურნალისტებმა პრეზიდენტს. "არა, არ ვუყურებ" - უპასუხა ბაიდენმა. "ჩვენ უკვე დავკარგეთ 450 000 ადამიანზე მეტი, შეიძლება გაცილებით მეტი დავკარგოთ, თუ ძალიან სწრაფ და გადამწყვეტ ზომებს არ მივიღებთ... უამრავი ბავშვი მშიერი იძინებს. ბევრი ოჯახისთვის საკვების უსაფრთხოება პრობლემაა. ისინი გასაჭირში არიან. ესაა ჩემი საქმე. სენატს თავისი საქმე აქვს" - განაცხადა მან და დასძინა, რომ ექსპრეზიდენტ ტრამპზე ამაზე მეტს აღარაფერს იტყოდა.
იგივე გზავნილი ჰქონდა თეთრი სახლის პრესსპიკერ ჯენ ფსაკის, როცა პრესკონფერენციაზე მსგავსი კითხვა დაისვა: "[ბაიდენი] არ აპირებს არგუმენტების წინ და უკან ტრიალზე კომენტარს და არც კი უყურებს მათ". ბაიდენმა ასევე შეიკავა თავი კომენტარისგან, როცა მას ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის გამართვის კონსტიტუციურობის თაობაზე ჰკითხეს.
სამშაბათს, სენატში შეკრებილი კანონმდებლობის უმეტესობამ იმპიჩმენტის ისტორიული პროცესი სწორედ ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო. 56 ხმით 44-ის წინააღმდეგ, სენატორთა უმრავლესობამ კენჭისყრით გადაწყვიტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის გამართვა კონსტიტუციურია.
თეთრი სახლი პრეზიდენტს ამ ეტაპზე წარმოაჩენს, როგორც უფრო აღმასრულებელ გადაწყვეტილებებზე კონცენტრირებულ ლიდერს. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ბაიდენის ვიზიტი თავდაცვის დეპარტამენტში და ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. მომავალ სამშაბათს ის მილუოკის და უისკონსინის შტატებში მიემგზავრება, სადაც რიგით ამერიკელებთან შეხვედრას და მათ კითხვებზე პასუხის გაცემას აპირებს.
Facebook Forum