ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი საკუთარ ნომინანტს იცავს


ამერიკის კონგრესში ოთხშაბათს დანიშნული მოსმენის წინ, თეთრი სახლი აცხადებს, რომ მხარს უჭერს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯინა ჰასპელს და რომ ის სააგენტოს დირექტორის პოსტზე საუკეთესო კანდიდატი იქნება. განცხადება თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა ორშაბათს გააკეთა.

დამტკიცების შემთხვევაში, დაზვერვის 61 წლის ვეტერანი, ჯინა ჰასპელი ამ პოსტზე პირველი ქალი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მან თეთრ სახლს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა. ჯინა ჰასპელს თავისი წარსულის გამო, კერძოდ, ტყვეთა მკაცრი მეთოდებით დაკითხვის მხარდაჭერასა და ამ დაკითხვებში ჩართულობისთვის აკრიტიკებენ. თუმცა, ადმინისტრაციის წევრთა თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰასპელის კანდიდატურის მოხსნაზე უარი განაცხადა და მას პოზიციების მტკიცედ დაცვისკენ მოუწოდა.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის წარსულთან დაკავშირებით, კონგრესის კანონმდებლებს ბევრი კითხვა დაუგროვდათ. ათეულობით წლის მანძილზე დაზვერვაში მუშაობის გამო, ჰასპელის ბიოგრაფიის უმეტესი ნაწილი საჯარო არ არის. ორშაბათს, სააგენტომ სენატში საიდუმლო დოკუმენტების მთელი დასტა წარადგინა, რომელიც სააგენტოს პრესსპიკერის თქმით, მის მთელ “გამორჩეულ” კარიერას მოიცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG