ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაზვერვის სააგენტოს დირექტორობის კანდიდატს ბევრი მომხრე და კრიტიკოსი ჰყავს


შეერთებული შტატების საჯაშუშო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე პირველი ქალი კანდიდატი უზარმაზარი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. დაზვერვის საზოგადოების მხრიდან მას აქებენ, კანონმდებლები და სხვები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მის როლს იმ ტაქტიკის გამოყენებაში, რომელიც, როგორც ზოგიერთები ამბობენ, წამებას უტოლდებოდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯინა ჰასპელის დანიშვნის არჩევანი „ტვიტერით“ გამოაცხადა. ჰასპელი სააგენტოს დირექტორ მაიკ პომპეოს ჩაანაცვლებს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კანდიდატად დაასახელეს.

ტრამპმა, კალიფორნიაში გამგზავრების სამზადისის დროს, თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა:

„ის შესანიშნავი ადამიანია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ.“

სააგენტოში მუშაობის 30 წლიანი სტაჟის და დიდი გამოცდილების მქონე ვეტერანი, რომელიც ლონდონში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს რეზიდენტურის უფროსად და ასევე სააგენტოს ფარულ სამსახურებშიც არის ნამუშევარი, დღემდე დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰასპელმა თქვა:

„ამ შესაძლებლობის და ჩემდამი ნდობისთვის პრეზიდენტ ტრამპის მადლიერი ვარ... თანამდებობაზე თუ დამამტკიცებენ, ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს მივაწვდი ისეთ შესანიშნავ სადაზვერვო მხარდაჭერას, როგორსაც ის მოელის.“

როდესაც პომპეომ ჰასპელი სააგენტოში თავის მოადგილედ შეარჩია, მისთვის საქებარი სიტყვები არ დაუშურებია.

იმ დროს პომპეომ თქვა: "ჯინა დაზვერვის სამაგალითო ოფიცერია, მან ასევე დაამტკიცა, რომ ის ლიდერია და აქვს გასაოცარი უნარი, საქმე გააკეთოს და გარშემომყოფთათვის შთაგონების წყარო იყოს.“

სააგენტოს დირექტორობაზე ჰასპელის კანდიდატურას კიდევ ერთი ბიძგი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, დენ ქოათსის განცხადებამ მისცა, რომელშიც ის მას „ძლიერ არჩევანს“ უწოდებს.

ჰასპელს ახლანდელი და ყოფილი ოფიციალური პირებიც აქებდნენ და ზოგიერთმა თქვა, რომ ის პომპეოზე უკეთესი იქნება, რომელსაც პატივს სცემდნენ, მაგრამ მიაჩნდათ რომ ის ზედმეტად პოლიტიზირებული იყო.

სააგენტოს ყოფილმა მარალი თანამდებობის პირმა პოლ პილარმა, რომელიც ამჟამად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მუშაობს, თქვა:

„სააგენტოსთვის უკეთესი იქნება, როდესაც მას დაზვერვის პროფესიონალი დირექტორი ეყოლება.“

სხვა ყოფილი ოფიციალური პირებიც ამბობენ, რომ ჰასპელი უნაკლო კანდიდატია.

თუმცა სხვები ბევრად უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი და კონკრეტულად მიუთითებენ იმ პერიოდზე, როდესაც ჰასპელი ტაილანდში დაზვერვის სააგენტოს ციხეს, ე.წ. „შავი ობიექტებიდან“ერთ-ერთს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ჰყავდათ დაკავებული და დაკითხვებს უტარებდნენ, ხანდახან კი დაკითხვის მკაცრ მეთოდებსაც მიმართავდნენ.

მას იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთი დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალის განადგურებაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული.

ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების მხრიდან პროტესტი უკვე გაჟღერდა. ისინი აცხადებენ, რომ ის, ვისაც პირდაპირი შეხება ჰქონდა ამორალურ, უკანონო და უკუშედეგის მქონე პროგრამასთან, საჯარო თანამდებობა, მითუმეტეს სადაზვერვო სააგენტოში, ვერასდროს ვერ უნდა დაიკავოს.

სულ მცირე, ერთმა ჯგუფმა, კონსტიტუციური და ადამიანის უფლებების ევროპულმა ცენტრმა ჰასპელის დაპატიმრებაც კი მოითხოვა და გერმანელ პროკურორებს ანგარიში წარუდგინა, რომელიც ჰასპელს ბრალს სდებს, რომ ის ორი დაკავებულის ყოველდღიურ წამებას ზედამხედველობდა და როგორც ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, ამის შეწყვეტის უფლება ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG