შეერთებული შტატების სენატში დღეს გამართულ მოსმენებზე ამერიკული დაზვერვის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან რუსეთის თემაზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე მათზე ზეწოლა არ ყოფილა. მაგრამ, ამავე დროს, ორივემ - დენ ქოუთსმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და მაიკლ როჯერსმა - უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ბოლო თვეებში ტრამპთან შეხვედრების დეტალების საჯაროდ განხილვაზე საერთოდ უარი თქვეს.
„არასოდეს მიგრძვნია ზეწოლა, რაიმე ფორმით ჩავრეულიყავი დაზვერვის საქმიანობაში პოლიტიკური კუთხით“ - განაცხადა დენ ქოუთსმა. მან იქვე დასძინა, რომ ძალიან შეუფერებელი იქნებოდა დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში მიმდინარე საუბრების საჯაროდ განხილვა, იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციას მისი პრეზიდენტთან საუბრების საჯაროდ გამოტანის დაბლოკვა მიზნად არც დაუსახავს. როდესაც ქოუთსს ერთ-ერთმა კანონმდებელმა სთხოვა განემარტა, თუ რატომ ამბობს უარს, პასუხი გასცეს პრეზიდენტთან საუბრის თაობაზე დასმულ კითხვებს, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა უპასუხა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის კანონიერი საფუძველი არსებობს“.
უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს დირექტორმაც დაახლოებით იგივე პოზიცია დაიჭირა და პრეზიდენტ ტრამპთან მისი საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა. მაიკლ როჯერსმა პრეზიდენტისგან შესაძლო ზეწოლაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „იმ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს დირექტორი ვარ, რამდენადაც მახსოვს, არასოდეს უბიძგიათ ჩამედინა რაიმე უკანონო, ამორალური, არაეთიკური, ან შეუფერებელი“.
ქოუთსი და როჯერსი სენატში დაგეგმილი ორდღიანი მოსმენის პირველი მონაწილეები იყვნენ. რუსეთთან ტრამპის გუნდის შესაძლო კავშირების თაობაზე მიმდინარე რამდენიმე გამოძიებას ამერიკის პრეზიდენტი „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვების ლეგიტიმურობისთვის ძირის გამოთხრაა, რასაც დემოკრატები ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის დამარცხების საკომპენსაციოდ მიმართავენ.
სენატში ხვალ ჯეიმს კომის მოუსმენენ, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ შეფს, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. კომის მოხსენების ტექსტის საჯარო ნაწილი სენატის ვებგვერდზე წინასწარ გამოქვეყნდა. მასში გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ იანვარში ტრამპმა სთხოვა, მისთვის პირადი ერთგულება აღეთქვა. მოგვიანებით კი, როცა თებერვალში პრეზიდენტმა მაიკლ ფლინი სამსახურიდან დაითხოვა, ჯეიმს კომის მოსთხოვა დაზვერვის ფედერალურ ბიუროში მიმდინარე გამოძიებისგან, რომელიც ფლინის რუსულ კონტაქტებს არკვევდა, უარი ეთქვა.
„ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დენ ქოუთსს და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს შეფს მაიკ პომპეოს შესჩივლა იმაზე, თუ როგორ ართმევდა თავს კომი რუსეთის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას. ქოუთსმა ტრამპის მოთხოვნა საკუთარ მოადგილეებთან განიხილა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ კომის საქმეში ჩარევა შეუფერებელი საქციელი იქნებოდა.
სენატში განახლებული მოსმენა ახალი გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას დაემთხვა. „ეი-ბი-სი ნიუსის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, ზრდასრული ამერიკელების უმეტესი ნაწილი, 56 პროცენტი თვლის, რომ ტრამპი რუსეთის თაობაზე მიმდინარე რამდენიმე გამოძიებაში ერევა. გამოკითხულთა 61 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ჯეიმს კომი არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი თავის დასაცავად გაათავისუფლა.
გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ ამერიკელები კომის ჩვენებებსაც სკეპტიკურად უყურებენ. იმის მიუხედავად, რომ დაზვერვის სააგენტოებმა დაადასტურეს რუსეთის მხრიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, გამოკითხულ ამერიკელთა მხოლოდ 36 პროცენტი თვლის, რომ ის, რასაც ჯეიმს კომი რუსეთზე იტყვის, „ძალიან მნიშვნელოვანია, ან „საკმარისად მნიშვნელოვანია“. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იმავე გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებზე რუსეთის ჩარევასთან მიმართებაში, ამერიკელები არც პრეზიდენტის მოსაზრებებს ენდობიან. ყოველი 5 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთს სჯერა იმის, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს რუსეთის როლზე მის საარჩევნო კამპანიაში.
Facebook Forum