დელტა ვარიანტის გავრცელების ტემპი მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევად ეცემა. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ სად და როდის შეიძლება კოვიდ-19-ის პანდემია ენდემიურ დაავადებაში გადაიზარდოს და ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, დღეიდან დაწყებული - 2022 წლის დასასრულამდე.
ეს მომენტი სავარაუდოდ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს დადგება, თუმცა იქ, სადაც ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებლებს ბუნებრივი იმუნიტეტიც ემატება და რეგულაციებსაც უკეთ იცავენ, პანდემია შედარებით მალე გადავა ენდემიაში. ასეთი შეიძლება იყოს: შეერთებული შტატები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია და არ არის გამორიცხული - ინდოეთი.
სპეციალისტები აქვე გვაფრთხილებენ, რომ სარს-კოვ-2 არაპროგნოზირებად ვირუსად რჩება. ის აუცრელ მოსახლეობაში გავრცელებისას მუტაციას განიცდის და ამიტომ მოვლენების სხვაგვარად განვითარებაც დასაშვებია. არცერთი ექსპერტი არ გამორიცხავს გაცილებით დრამატულ სცენარს: კორონავირუსი ისეთი ახალი მუტაციით მოგვევლინება, რომ ის ადამიანის იმუნიტეტს გაცილებით იოლად დააზიანებს. თუმცა, ისინი მაინც თანხმდებიან იმაზე, რომ მეტი ალბათობით, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის ყველაზე უარესი ეტაპი უკვე გადალახა.
"ვფიქრობთ, სადღაც დღეიდან 2022 წლის დასასრულამდე მივაღწევთ იმას, რომ შევძლებთ ვირუსის გაკონტროლებას... მნიშვნელოვნად შევამცირებთ მწვავე დაავადებებს და სიკვდილობას" - ამბობს "როიტერთან" საუბარში მარია ვან კერხოვი, ეპიდემიოლოგი, რომელიც სათავეში უდგას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდს.
ჯანმოს ხედვა ეფუძნება დაავადების ექსპერტებთან ერთად გაწეულ სამუშაოს, რომლებიც მომდევნო 18 თვის მანძილზე პანდემიის კურსს განსაზღვრავენ. გაეროს ჯანდაცვის წამყვან სააგენტოს იმედი აქვს, რომ 2022 წლის დასასრულამდე მსოფლიოს მოსახლეობის 70 პროცენტი კოვიდ-19-ზე აცრილი იქნება. "ამ მიზანს თუ მივაღწიეთ, ეპიდემიოლოგიურად გაცილებით, გაცილებით განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით" - ამბობს კერხოვი. მაგრამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგი შიშობს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში რეგულაციებს ან არ იცავენ, ან შემზღუდავ ზომებს იმაზე ადრე ამსუბუქებენ, ვიდრე საჭიროა. "მაოცებს, როცა ვხედავ, რომ ხალხი გარეთაა, ქუჩებში, თითქოს ყველაფერი დასრულებულია", ამბობს მარია ვან კერხოვი.
ჯანმოს მონაცემებით, აგვისტოს შემდეგ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობის მაჩვენებლებმა კლება დაიწყო. გამონაკლისი ევროპაა. დელტა ვარიანტმა ქაოსი განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში შეიტანა, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. ასეთია მაგალითად, რუსეთი და რუმინეთი. ინფექციის მეტი გავრცელება ფიქსირდება იმ ქვეყნებში, სადაც ნიღბის ტარების შეზღუდვა ნაადრევად მოხსნეს.
დელტა ვარიანტის გამო ინფიცირება ისეთ ქვეყნებშიც გაიზარდა, სადაც ცოტა ხნის წინ ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო. ასეთია სინგაპური და ჩინეთი. მათ მართალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ შემზღუდავი ზომები იქ ზედმეტად მკაცრი იყო, რის შედეგადაც ბუნებრივი იმუნიტეტი იქ გაცილებით დაბალია. "გარდამავალი პერიოდი თითოეულ ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იქნება, რადგან ეს დამოკიდებულია მოსახლეობაში ბუნებრივი ინფექციით მიღებულ იმუნიტეტზე, თუ ვაქცინაციის კურსის მიმდინარეობაზე" - აღნიშნავს მარკ ლიპსტიქი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგი.
"როიტერს" ბევრმა ექსპერტმა უთხრა, რომ დელტა ვარიანტის ბობოქრობა უმეტეს ქვეყნებში ამ თვის ბოლომდე დასრულდება და ეს კოვიდ-19-ის ისტორიაში უკეთესობისკენ სერიოზული შემობრუნება იქნება. "შეერთებულ შტატებში პანდემიის ფაზიდან ახლა უფრო ენდემიის ფაზაში გადავდივართ, რომელშიც ვირუსი მაინც რჩება ჯიუტ საფრთხედ" - ამბობს სკოტ გოტლიბი, ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.
კრის მიურეის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის წამყვანი პროგნოზისტის აზრით, ამერიკაში დელტას შემოტევა ნოემბერში დამთავრდება. ის ზამთარში კვლავ ინფიცირების ზრდას მოელის, მაგრამ მისი თქმით, ეს გაცილებით მსუბუქი იერიში იქნება. "თუ რაიმე ახალი, მძლავრი ვარიანტი არ გამოჩნდა, აპრილში კოვიდი რეალურად შესუსტებას დაიწყებს" - დასძენს პროფესორი მიურეი.
შემთხვევების ზრდა გაერთიანებულ სამეფოშიც ფიქსირდება, რასაც ძირითადად საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას მიაწერენ. ვაქცინაციის დადებითი მაჩვენებლების წყალობით, ბრიტანელები ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობისგან დღეს გაცილებით უკეთ არიან დაცულები. ბრიტანელი ეპიდემიოლოგებიც მიიჩნევენ, რომ კრიზისი უკან დარჩა. "პანდემიის, როგორც საგანგებო ვითარების დიდი ნაწილი, უკან მოვიტოვეთ" - ამბობს ეპიდემიოლოგი ნილ ფერგიუსონი ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან.
კოვიდ-19 შემდეგი რამდენიმე წელი ჯერ კიდევ დარჩება ავადობის და სიკვდილობის მთავარ გამომწვევად. მაგრამ, ის უფრო ენდემიურ დაავადებას დაემსგავსება, როგორიცაა მაგალითად მალარია. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ კოვიდი წითელასავით იქნება, რომელიც ინფექციურ აფეთქებებს ჯერ კიდევ იწვევს იქ, სადაც ვაქცინაციის მონაცემები დაბალია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ის სეზონურ რესპირატორულ დაავადებად გადაიქცევა, როგორიცაა ინფლუენზა, გრიპის ვირუსი. ის გაცილებით ნაკლებად მოკლავს, მაგრამ მოსახლეობის დაავადებისადმი მგრძნობიარე ნაწილისთვის სასიცოცხლო რისკების შემცველი იქნება.
ვირუსოლოგ ტრევორ ბედფორდის პროგნოზით, მართალია სარს-კოვ-2 მომავალ წლებში ენდემიურ დაავადებაში გადავა, მაგრამ ის მაინც უფრო მეტ სიკვდილობას მოიტანს, ვიდრე ვირუსული გრიპი. ბედფორდი ფიქრობს, რომ კოვიდ-19-ის გართულებებით 2022-2023 წლებში 50 000-დან 100 000-მდე ამერიკელის გარდაცვალებაა მოსალოდნელი. ვირუსული გრიპით კი დროის იმავე ინტერვალში დაახლოებით 30 000 ამერიკელი მოკვდება. ამას გარდა, ვირუსი მუტაციას გააგრძელებს. შესაბამისად, ფარმაცევტულ კომპანიებს ადაპტაცია და ვაქცინების კონკრეტულ ვარიანტებზე მორგება მოუწევთ, ჩვენ კი - ბუსტერის, ყოველწლიური გამაძლიერებელი დოზის მიღება - ამბობს ის.
Facebook Forum