ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენ უარი უნდა ვთქვათ შურისძიების პოლიტიკაზე" - დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე წარდგა


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე წარდგა და ერსა და კანონმდებლებს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.

"ჩვენ უარი უნდა ვთქვათ შურისძიებასა და წინააღმდეგობაზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე და მივიღოთ თანამშრომლობის, კომპრომისის და საზოგადო სიკეთის უსაზღვრო შესაძლებლობები", - განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ მას არა რეპუბლიკური ან დემოკრატიული, არამედ "ამერიკელი ხალხის" საკეთილდღეო დღის წესრიგის გატარება სურს.

"ახლა არის უსაზღვრო პოტენციალი, ახალი კონგრესი იწყებს მუშაობას. მე აქ ვდგავარ, რომ ვიმუშაო თქვენთან ერთად ისტორიული გარღვევების მისაღწევად, ყველა ამერიკელისთვის", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ისაუბრა ამერიკის ეკონომიკის წარმატებაზე, უმუშევრობის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე, თქვა, რომ ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მან ხაზი გაუსვა ჩინეთთან, მექსიკასთან, კანადასთან და სხვა ქვეყნებთან საერთაშორისო ვაჭრობის პირობების ცვლილებას და თქვა, რომ ეს ამერიკელი ფერმერებისა და მწარმოებლების საკეთილდღეოდ ხდება.

დონალდ ტრამპმა, ცხადია, მიგრაციის პრობლემის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ არალეგალური მიგრაცია შეერთებულ შტატებში უნდა დასრულდეს. მან კვლავ გაუსვა ხაზი მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების საჭიროებას და თქვა, რომ ამას თავად საზღვრის დამცველები ითხოვენ. მან რამდენიმე კრიმინალური შემთხვევაც მოიყვანა იმის მაგალითად, რომ საზღვარზე უკანონოდ გადმოსული ადამიანები შეერთებული შტატების მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. მისი თქმით, წლების განმავლობაში საზღვრის ზოგიერთი ნაწილი გაძლიერდა, მაგრამ "შესაბამისი, საჭირო კედელი არასდროს აშენებულა".

"მე ამ კედელს ავაშენებ", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას. ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ მისი პრეზიდენტად არარჩევის შემთხვევაში, ახლა ამერიკას ჩრდილოეთ კორეასთან ღია ომი ექნებოდა.

დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა დემოკრატმა სტეისი აბრამსმა გადაიბარა. დარბაზში მყოფი ქალი კანონმდებლების ნაწილს თეთრი ფერის სამოსი აცვია. თუკი გასულ წელს მათი შავი სამოსი კამპანიის #მეც სოლიდარობას გამოხატავდა, წელს თეთრი სამოსი სუფრაჟისტების მოძრაობის გამოძახილია. ეს მოძრაობა უძღოდა წინ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქალების მიერ ხმის უფლების მოპოვებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG