ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მის ყოველწლიურ მიმართვას გადადებს იქამდე, სანამ თეთრი სახლი და კონგრესი მთავრობის ნაწილობრივი დახურვის საკითხს არ გადაწყვეტენ.
„მე არ ვაპირებ სხვა, ალტერნატიული ადგილის მოძებნას ყოველწლიური მიმართვისთვის, რადგან ვერცერთი სხვა ადგილი ვერ შეედრება წარმომადგენელთა პალატის დარბაზს მისი ისტორიით, ტრადიციითა და მნიშვნელობით“, - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ ოთხშაბათს.
„მე მოველი ქვეყნის წინაშე შესანიშნავი ყოველწლიური გამოსვლის ჩატარებას უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მან.
ამ დრომდე, თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ყოველწლიური მიმართვა სხვა ადგილზე გაიმართებოდა. მათ შორის, განიხილებოდა პოლიტიკური აქციაც.
პრეზიდენტი ვალდებულია, ყოველწლიურად კონგრესის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ისაუბროს. არ არსებობს მოთხოვნა იმისა, რომ ეს მიმართვა წარმომადგენელთა პალატის და სენატის წინაშე გაიმართოს. თუმცა თანამედროვე ტრადიციით, პრეზიდენტები კონგრესის გაერთიანებულ სესიას წარმომადგენელთა პალატის დარბაზში მიმართავენ და ამ მიმართვას ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადაცემენ.
მთავრობის ნაწილობრივი დახურვის გამო, რაც 22 დეკემბერს დაიწყო, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტრამპს მოუწოდა გადადოს ყოველწლიური მიმართვა, ან ის წერილობით გადასცეს კონგრესს. მან ამის მიზეზად უსაფრთხოების ზომები მოიყვანა, რადგან ამერიკის საიდუმლო სამსახური და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მთავრობის იმ მეოთხედის ნაწილია, რომელსაც ბიუჯეტი არ აქვს.
პელოსისთვის გაგზავნილ წერილში, ტრამპმა ეს არგუმენტი უარყო და განაცხადა, რომ ის მოელოდა 29 იანვარს სიტყვით გამოსვლას.
თუმცა საპასუხო წერილში ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს აცნობა, რომ ის არ გეგმავდა საკუთარი პოზიციის შეცვლას. ტრადიციის თანახმად, პრეზიდენტს კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით გამოსვლა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოწვევის შემდეგ შეუძლია. პელოსი ტრამპს ამ მოწვევას არ უგზავნის.
„გაცნობებთ, რომ წარმომადგენელთა პალატა არ განიხილავს შესაბამის რეზოლუციას, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დარბაზში პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის ჩატარების უფლების მინიჭებას შეეხება იქამდე, სანამ მთავრობა არ გაიხსნება“, - ნათქვამია წერილში.
Facebook Forum