ამ კვირაში პრეზიდენტ კენედის მკვლელობიდან 50 წელი სრულდება. ამ თარიღის გარდა, ამ კვირაში ვაშინგტონი გლობალური საკითხებითაც იქნება დაკავებული, როგორიცაა ფილიპინებზე მომხდარი ტაიფუნის დაზარალებულთა დახმარება და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დიპლომატიური ძალისხმევა.
შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტმა ფილიპინებში ტაიფუნის დროს დაზარალებულებს 100 ტონაზე მეტი ტვირთი გადასცა. ამას გარდა, ამერიკამ დამატებითი საკვები პროდუქტით, წყლით და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული გემები კუნძულების მიმართულებით კიდევ გაგზავნა.
გემზე ამერიკის დახმარების ჯგუფიდან ამერიკელი მყვინთავი ტობი პიკენსიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ხალხი ნამდვილად სასოწარკვეთილია. ამდენი მშიერი ადამიანი მას არასდროს უნახავს.
პიკენსი ამბობს, რომ დახმარების გაწევა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო:
"არავის სურს, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ როცა ხდება, სასიამოვნო შეგრძნებაა როდესაც, ღებულობ დავალებას და მათ ეხმარები, მიგაქვს საკვები პროდუქტი, და მათ სახეზე კმაყოფილებას ხედავ."
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დახმარება კვლავ გაგრძელდება:
„როდესაც მეგობარს უჭირს, მას ამერიკა დახმარების ხელს უწვდის. ეს ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრინციპია,“ - განაცხადა ობამამ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებათა რაუნდზეც ისაუბრა. მან კანონმდებლებს მოუწოდა, თეირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციებისგან თავი შეიკავონ, მანამდე ვიდრე საკითხის მოგვარებაში ჩართული მხარეები მოლაპარაკებებისთვის ისევ არ შეიკრიბებიან.
„მოდით ვნახოთ, რამდენად სურთ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ საკითხი დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“, განაცხადა ბარაკ ობამამ.
ამის შესახებ ერთი კვირით ადრე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც ისაუბრა, რომელმაც ობამას მსგავსად კანონმდებლებს მოუწოდა. კერიმ განაცხადა, რომ სანქციების გამკაცრება საწინააღმდეგო შედეგის მომტანი იქნება. ჯონ კერის განცხადებით:
"ეს მოსპობს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობასას, და ეს უკან დაწევს დიალოგის პროცესს, რაზეც 30 წელია იბრძოდნენ, რომ დაწყებულიყო."
ეგრეთწოდებული ხუთს პლიუს ერთი ჯგუფი, რომელიც ირანის საკითხზე მუშაობს, ჟენევაში ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება. თეირანი საერთაშორისო სანქციების შეწყვეტას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ ურანის გამდიდრების უფლება გააჩნია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ნებისმიერი შეთანხმების უშედეგობაზე საუბრობს, რამაც შეიძლება სანქციების შესუსტება გამოიწვიოს, მანამდე ვიდრე დადასტურებულად არ შემოწმდება თეირანის ბირთვული შესაძლებლობა. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამ საკითხით შეშფოთებული ოფიციალური პირების დამშვიდებას ამ კვირაში შეეცდება, როდესაც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეხვდება.