ამ კვირაში ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღება არალეგალ ემიგრანტებს დაეთმობა. სენატში საემიგრაციო რეფორმის გასატარებლად მომზადებულ კანონ-პროექტზე მსჯელობა ისევ გაიმართება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სუზან პრესტო ვაშინგტონში მიმდინარე კვირას სხვა დაგეგმილ მოვლენებთან ერთად საემიგრაციო კანონ-პროექტის იმ დეტალების შესახებაც მოგვითხრობს, რომელიც ოთხი დემოკრატი და ოთხი რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ შემუშავდა.
შეერთებულ შტატებში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ამერიკის საემიგრაციო რეფორმა არაეფექტურია.
ამ კვირაში სენატორები მსჯელობას სწორედ უკვე შემუშავებული კანონ-პროექტის შესახებ გამართავენ. მისი მეშვეობით საემიგრაციო სისტემის მრავალმხრივი რეფორმა უნდა განხორციელდეს.
ორპარტიულმა კანონმა არალეგალ ემიგრანტებს ამერიკის მოქალაქეობის მიღებისთვის პროცედურების გამარტივებასთან ერთად, ქვეყნის კანონიერ საემიგრაციო პროცესს ხელი უნდა შეუწყოს და ქვეყნის საზღვრების უკეთ დაცვა განამტკიცოს.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა ნევადის შტატიდან ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.
ჰარი რიდი: სასიამოვნო იმპულსია ამ კანონ-პროექტზე საერთო შეთანხმების არსებობა რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, რაც შეერთებული შტატების უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს და 11 მილიონ არალეგალ ემიგრანტს ქვეყანაში დარჩენის კანონიერ უფლებას მისცემს.
ზოგიერთი კანონ-პროექტს იმ მოსაზრებით აკრიტიკებს, რომ რეფორმა კანონდამრღვევების ფაქტობრივ ამნისტიასაც ნიშნავს.
რესპუბლიკელ სენატორს ალაბამას შტატიდან ჯეფრი სეშენს თავისი მოსაზრება აქვს.
ჯეფრი სეშენი: კანონდარღვევაა როდესაც მეგზურს გარკვეულ გასამრჯელოს აძლევ და ამის სანაცვლოდ საზღვარზე გადმოდიხარ, 18 თვის შემდეგ კი ამერიკის მოქალაქეობისთვის საბუთები შეგაქვს. ეს კანონის ჩარჩოებში არ ჯდება,-აცხადებს ჯეფრი სეშენი.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატს კანონი-პროექტის მოკლე ვადებში მიღებისკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, ამის შესახებ თეთრ სახლში სამშაბათს ის კიდევ ერთხელ ისაუბრებს.
საკვირაო მიმართვის დროს , პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანონ-პროექტის შესახებ განაცხადა, რომ ის საუკეთესო არ არის, თუმცა ის გონივრულად არის მომზადებული.
ბარაკ ობამა: ეს კანონი ხელს შეუწყობს ქვეყენაში არალეგალურად უკვე მცხოვრებ 11 მილიონ ადამიანს რომ ამერიკის მოქალაქეობაზე გააკეთონ განაცხადი. ეს პროცესი ითვალისწინებს პიროვნების წარსულის შემოწმებას, ინგლისური ენის შესწავლას, სახელმწიფოსთვის გადასახადების და ჯარიმების გადახდას, და შემდეგ ყველა იმ აუცილებელი პროცედურის გავლას, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებში კანონიერად დამკვიდრებას ცდილობს.
იმ შემთხვევაშიც კი თუკი სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლები მოითხოვენ რომ მასში მათ მიერ წარმოდგენელი მოსაზრებებიც იყოს გათვალისწინებული.
სასოფლო სამეურნეო საკითხებიც ასევე მიმდინარე კვირის ცენტრალური თემაა. სენატი ემზადება კენჭი უყაროს ფერმერებთან დაკავშირებულ კანონპროექტს. თუმცა მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატა მიწის რესურსების დაცვის, კვების და სუბსიდირების პროგრამებს ამ თვის ბოლოს მიუბრუნდება.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, წარმომადგენელთა პალატის წევრები 2008 წელს ინდოეთის კომერციულ ქალაქ-მუმბაიში მომხდარ ტერაქტის გარემოებებს ისევ განიხილავენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანში დაარსებულმა ორგანიზაცია ლაშქარ-ეტაიბამ აიღო. პალატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტი ამ კვირაში ამ ორგანიზაციის მიერ შეერთებული შტატების მიმართ შესაძლო საფრთხეებს განიხილავს.
ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანს გენდერთა ღირსების დაცვის შესახებ გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გაამახვილა ყურადღება.
ჯონ კერი: ივნისი თანასწორობის და კეთილშობილების გამოხატვის თვეა, ადამიანის უფლებების დაცვის და ფუნდამენტური თავისუფლების განმტკიცების თვე. ადამიანები პატივისცემას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ, მიუხედავათ მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა.
პირველი აგვისტოდან ერთსქესიანი ქორწინება შეერთებული შტატების 12 შტატში და კოლუმბიის ოლქში უკვე კანონიერი იქნება. ამ თემაზე ბარაკ ობამა სპეციალურად მოწყობილი აღლუმის დროს წარმოთქმულ გამოსვლაში ისაუბრებს ხუთშაბათს.