ვაშინგტონის მოსაზღვრე შტატი ვირჯინია, სამშაბათს ახალ გუბერნატორს აირჩევს. რესპუბლიკური პარტიიდა, საკმაოდ არაპოპულარული კანდიდატია კენ ქუჩინელი, რომელიც „ობამაქეარის“ სერიოზული კრიტიკოსია.
კენ ქუჩინელი: ობამას ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ამერიკის 200-წლიანი ისტორიის მანძილზე შეიძლება მთავრობის ყველაზე დიდ გაფართოებად ჩაითვალოს.
ეს რიტორიკა, გასულ თვეს „ობამაქეარის“ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რესპუბლიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილების გამოძახილია, როდესაც მათ ამერიკის მთავრობის დროებითი დახურვის პროვოცირება შეძლეს.
ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტი მოელის, რომ არჩევნები რესპუბლიკელი კანდიდატის ქუჩინელის დამარცხებით დასრულდება. გაიმარჯვებს დემოკრატების კანდიდატი ტერი მაკალიფი, რაც კიდევ ერთი მარცხი იქნება რესპუბლიკელებისთვის და ასევე, არასასურველი შედეგი მომავალ წელს დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების წინ.
რესპუბლიკელთა შანსები უფრო გამოკვეთილია ნიუ ჯერსის შტატში. სადაც მოელიან, რომ შტატის გუბერნატორი კრის კრისტი ხელმეორედ იქნება არჩეული. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ის არასოდეს გაურბოდა შეფასებების გაკეთებას, ცოტა ხნის წინ მან კომენტარი ამერიკის სადაზვერვო სამსახურის სპეციფიკის შესახებაც გააკეთა.
კრის კრისტი: ის ყოველთვის ფიქრობდა რომ მსგავსი პროგრამები აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მათ შესაბამისი ზედამხედველობა სჭირდებათ.
ტრადიციულად, დემოკრატიულ შტატად ცნობილ ნიუ ჯერსიში, კრისტის წარმატებამ მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო. არის პროგნოზი იმის თაობაზეც, რომ ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რის შესაძლებლობასაც თავად გუბერნატორიც არ გამორიცხავს.
ვნახოთ, რა მოხდება,- აცხადებს კრისტი.
ამ კვირაში, სექსუალური უმცირესობების შესახებ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხილვა გაიმართება კაპიტოლიუმში. სენატმა კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს, რომელიც სამუშაო ადგილებზე სექსუალური უმცირესობების დასაქმების დროს მათი უფლებების გარანტი უნდა იყოს და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალოს. კანონ-პროექტს მხარს უჭერს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დემოკრატთა უმრავლესობა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესს სპიკერმა ჯეი კარნიმ გააკეთა.
ჯეი კარნი: მათ გვსურს ნათელი იყოს ყველა სენატორის პოზიცია, მათ შორის მათიც, რომელთაც საბოლოოდ ვერ გადაუწყვეტიათ დაუჭირონ თუ არა მხარი კანონ-პროექტს. მათ სჯერათ რომ ეს კანონმდებლებიც საბოლოოდ მხარს დაუჭერენ ამ გადაწყვეტილებას.
სენატის შემდეგ, დისკრიმინაციის შესახებ მშრომელთა უფლებების დაცვის თაობაზე კანონ-პროექტს დაამტკიცებს თუ არა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა ჯერჯერობით პროგნოზირება რთულია. ამჟამად, ამერიკის ბევრ შტატში, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომელთაც თავიანთი ორიენტაციის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ, არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი საშუალება, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა შეძლონ.