პოლონეთს ჯო ბაიდენისთვის 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცია. ოფიციალური ვარშავა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი მოკავშირეა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებას ელოდება.
"ეს დამოკიდებულია შეერთებულ შტატებში პოლიტიკური და სამართლებრივი ვითარების განვითარებაზე,"- ასე უპასუხა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში დასმულ კითხვას როდის გააკეთებს განცხადებას პოლონეთი ამერიკის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
მინისტრი ზბიგნევ რაუ აღნიშნავს, რომ განცხადება გაკეთდება მას შემდეგ, რაც ამერიკის საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაქვეყნებს და არჩევნებში გამარჯვებული ოფიციალურად გამოვლინდება. '
მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა, თუმცა მას არ მიულოცია დემოკრატი კანდიდატისთვის არჩევნებში გამარჯვება.
დემოკრატი ჯო ბაიდენი მედიის მიერ არჩეულ პრეზიდენტად უკვე გამოცხადებულია, მედიამ კი მონაცემები კონკრეტული შტატებიდან მიღებული ოფიციალური მაჩვენებლებით დაამუშავა. ამ დროისთვის საარჩევნო კოლეგიაში ჯო ბაიდენს 306 ხმა აქვს, ხოლო 232 ხმა მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.
დონალდ ტრამპი საარჩევნო შედეგებს არ აღიარებს, თუმცა თქვა, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესს იწყებს. საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად გამარჯვებულს რამდენიმე დღეში დაასახელებს, საბოლოოდ კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს კონგრესი დაამტკიცებს, 2021 წლის 20 იანვარს კი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
Facebook Forum