შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერი დანიშნა.
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კარიერული დიპლომატია. ის, 2008-2009 წლებში, როგორც რესპუბლიკელი - ჯორჯ ბუშ უმცროსის, ასევე დემოკრატი - ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს წარმოადგენდა შეერთებულ შტატებს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
„ვოლკერი კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა ძალისხმევას მოაგვაროს კონფლიქტი, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო და მოგვიანებით აღმოსავლეთ უკრაინაში გაგრძელდა,“ განაცხადა ტილერსონმა.
2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვოლკერი არ შეუერთდა საგარეო პოლიტიკის 90 ვეტერან რესპუბლიკელს, რომლებმაც კანდიდატ ტრამპის წინააღმდეგ ღია წერილი გამოაქვეყნეს. მაშინ ვოლკერმა განაცხადა, რომ„რესპუბლიკური ინტელიგენციის“ მსგავს წერილს, შესაძლოა, ცუდი შედეგი ჰქონოდა.
ვოლკერის დანიშვნა წინ უსწრებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველ პირისპირ შეხვედრას რუს კოლეგასთან. პრეზიდენტები ჰამბურგში შეხვდებიან, სადაც „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. ამავე საკითხზე ისაუბრებენ 9 ივლისს რექს ტილერსონი და ურკაინის პრეზიდენტი პეტროშენკო, როცა ტილერსონი კიევში ჩადის.
Facebook Forum