ვალდია ბარაპუტრი, "ამერიკის ხმის" ინდონეზიური რედაქციის თანამშრომელია, რომელსაც ამ კვირაში რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენცია უნდა გაეშუქებინა. თუმცა, ამის ნაცვლად, ის და მისი კიდევ ერთი კოლეგა ორშაბათს ინდონეზიაში გაემგზავრნენ. მათი J-1 ვიზა, რომელიც ამერიკაში ყოფნისა და "ამერიკის ხმაში" მუშაობის უფლებას აძლევდა, ამოიწურა. "ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ" კი, რომელიც "ამერიკის ხმას", "რადიო თავისუფლებასა" და რამდენიმე სხვა საერთაშორისო მაუწყებელს ზედამხედველობს, მათი ვიზების აღარ განაახლა.
ბარაპუტრი ერთ-ერთია იმ სულ მცირე 15 ჟურნალისტს შორის, რომლებიც "ამერიკის ხმის" სხვადასხვა ქვეყნის რედაქციაში მუშაობენ, და რომლებიც ვიზის ამოწურვის გამო უახლოეს კვირებში საკუთარ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ. სააგენტოს ახალმა მენეჯმენტმა ამ ტიპის ვიზით ჟურნალისტების დასაქმების საკითხის გადასინჯვა დაიწყო. ვიზა წლის ბოლომდე კიდევ 20 სხვა ჟურნალისტსაც ეწურება. მათგან ზოგიერთს ისეთ ქვეყანაში მოუწევს დაბრუნება, სადაც ჟურნალისტებს ავიწროვებენ.
"ამერიკის ხმა" 47 სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს და მისი საქმიანობა დიდწილად ეფუძნება იმ ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტულ რეგიონსა და ქვეყანაში სპეციფიკური ცოდნა აქვთ, ჰყავთ კონტაქტები, და იციან როგორც ადგილობრივი ენები, ისე - ინგლისური.
გასულ თვეში "გლობალური მედიის სააგენტომ" განაცხადა, რომ ვიზების საკითხს სათითაოდ, ყოველ კონკრეტულ, კერძო შემთხვევაზე დაყრდნობით განიხილავდა. ვიზის განახლების მოთხოვნები საბოლოოდ სწორედ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა უნდა დაადასტუროს.
"ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს" პრესსპიკერი ივლისში გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ეს განხილვა და ვიზების საკითხის გადახედვაც იმისთვისაა გამიზნული, რომ ამერიკის უსაფრთხოების ინტერესები დაცული იყოს და დასაქმების შესაძლებლობა შეუსაბამოდ არ იყოს გამოყენებული. თუმცა ჟურნალისტები ამბობენ, რომ ვიზების შეფერხებამ შესაძლოა, "ამერიკის ხმის" მიერ ახალი ამბების გაშუქებაზეც მოახდინოს გავლენა. ამასთან, ჟურნალისტები, რომლებსაც J-1 ვიზა აქვთ და ეს ცვლილებები ეხებათ, ამბობენ, რომ სააგენტომ მათ საკუთარი სტატუსის შესახებ მკაფიო ინფორმაცია არ მიაწოდა.
კონგრესის ზოგიერთი წევრი, მედიის უფლებების დამცველები და სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ვიზების საკითხის გადახედვა ერთ-ერთია იმ შემაშფოთებელ გადაწყვეტილებათა შორის, რომელიც მაიკლ პეკის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შემდეგ იყო მიღებული.
"ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ" "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის შეკითხვებს ამ საკითხზე სიახლეების შესახებ (ამ სტატიის მომზადებისას), არ უპასუხა. "ამერიკის ხმის" პრესსამსახურმა კი ჟურნალისტები სააგენტოს პრესსამსახურთან გადაამისამართ.
გასულ პარასკევს კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, თქვა, რომ სააგენტომ კონგრესს არ მიაწოდა პასუხები ვიზების განახლების შესახებ.
"წარმოუდგენელია, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობის სააგენტო ქმნიდეს ასეთ შიშსა და გაურკვევლობას იმ ხალხისთვის, ვისაც ჩვენთვის მუშაობა ვთხოვეთ", - ამბობს ენგელი. "კონგრესის მცდელობაზე, მოგვეღო პასუხები სააგენტოსგან ამ საკითხის შესახებ, მხოლოდ დუმილი მივიღეთ. ნათელია, რომ სააგენტო ცდილობს დრო გაიყვანოს მანამ, სანამ ეს ჟურნალისტები იძულებულნი არ იქნებიან, დატოვონ ქვეყანა", - ამბობს კონგრესმენი ენგელი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ამერიკის ხმის" ზოგიერთ ჟურნალისტს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, თუკი ისინი ისეთ რეპრესიულ ქვეყნებში დაბრუნდებიან, სადაც ჟურნალისტების შევიწროვება და დაპატიმრება რეგულარულად ხდება.
მაიკლ პეკი კონგრესის კომიტეტის წინაშე 24 სექტემბერს უნდა წარდგეს. "ბატონ პეკს ჯერ კიდევ აქვს დრო იმოქმედოს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად, მაგრამ, არაფერი შეგეშალოთ, ის ანგარიშვალდებულია იმის გამო, რაც შემდეგ მოხდება. ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება ამ მამაც ადამიანებს მიადგეთ, მაიკლ პეკის უმოქმედობის პირდაპირი შედეგი იქნება", - თქვა ენგელმა.
ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანას უკვე ტოვებენ, ამბობენ, რომ დაბნეულები არიან და ბრაზობენ კიდეც. "მგონია, რომ ვისჯები, ოღონდ უმიზეზოდ", - ამბობს ბარაპუტრი "ამერიკის ხმის" ინდონეზიური სერვისიდან. მისი თქმით, "გლობალური მედიის სააგენტოს" ადამიანური რესურსების განყოფილებამ მის კითხვებს არ უპასუხა და მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი ვიზის განახლების საკითხის გადასინჯვის შედეგები კი მისთვის გაუგებარია, რადგან სამსახურის დაწყებისას, მისი გამოცდილება და წარსული უსაფრთხოების თავლსაზრისით საფუძვლიანად შემოწმდა. "პეკს კვლავ დასჭირდება საერთაშორისო ჟურნალისტები იმისთვის, რომ "ამერიკის ხმის" მისია შესრულდეს", - ამბობს ბარაპუტრი.
ჟურნალისტების ის ნაწილი, ვისი ვიზაც ამოიწურა ან იწურება, მაგრამ ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, ასევე ამბობს, რომ კომუნიკაციის ნაკლებობაა.
"ისე გვექცევიან, თითქოს ჩვენ დამნაშავენი ვართ მაშინაც კი, როდესაც ჩვენი საქმე ჯერ გადაწყვეტილი არ არის", - ამბობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ადამიანური რესურსების განყოფილებამ არ მიაწოდა მათ არანაირი ინფორმაცია, გარდა საკუთარ ქვეყანაში გამგზავრების სავარაუდო თარიღებისა.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით სასტიკი იყო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ამერიკაში ლეგალურად, სხვა ვიზებით იმყოფებოდნენ და ამ ვიზებზე უარის თქმა მაშინდ ასჭირდათ, როდესაც "ამერიკის ხმამ" მათ სამსახური შესთავაზა. მატი ნაწილი ამერიკაში უკვე წლებია ცხოვრობს და წარმოშობის ქვეყანასთან, რომელსიც ახლა დაბრუნება უწევთ, ცოტა კავშირი თუ აქვთ.
"ჩვენ გვქონდა ვიზა, სამსახური, ამერიკაში ლეგალურად ვიმყოფებოდით. "ამერიკის ხმაში" მუშაობის დაწყება გვიხაროდა. არ ველოდით, რომ ეს ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. საინტერესოა, საერთოდაც მართლაც გადაისინჯა თუ არა ჩვენი ვიზის საკითხი. ჩვენ სახლში ვბრუნდებით ამის ცოდნის გარეშე", - ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.
"გლობალური მედიის სააგენტოს" ახალი დირექტორი მაიკლ პეკი ამბობს, რომ მისი ქმედებები წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი, თანამშრომელთა ნაწილის წარსულის უსაფრთხოების მიზნით ხელახალი შემოწმებაა.
"გაცვლითი ვიზიტორების პროგრამა", რომლის ფარლებშიც J-1 ტიპის ვიზები გაიცემა, 1961 წლიდან მოქმედებს. ის ითვალისწინებს ამერიკაში სწავლისა და მუშაობის მოკლევადიან შესაძლებლობას მასწავლებლებისთვის, უცხოელი სტუდენტებისა და სხვებისთვის. 2020 წლის აპრილში პრეზიდენტმა ტრამპმა ეკონომიკური მიგრაციის შემცირების და კორონავირუსით დაზარალებული ამერიკელების დახმარების მიზეზით, ამგვარი ვიზების გაცემა შეზღუდა. თუმცა ზოგიერტი ადვოკატი, რომელიც ამ ტიპის ვიზების თაობაზე წლებია მუშაობს, ამბობს, რომ J-1 ვიზას ადამიანები კონკრეტული, სპეციფიკური ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით იღებენ და ამერიკელი დამსაქმებლისთვის, თუ სხვადასხვა პროექტის მმართველისთვის, შეიძლება ძალიან რთული გახდეს ამავე პოზიციებზე ამერიკელი ან ამერიკის მოქალაქეების დასაქმება.
Facebook Forum