ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურთიერთობების პერსპექტივა აფხაზებთან და ოსებთან


კავკასიურ სახლში ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა ახალი ხელისუფლების პირობებში ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივის თაობაზე.

მომხსენებლებს შორის რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყვნენ.

მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებისა და პრობლემების თაობაზე, რომელთა წინაშე დღეს რეინტეგრაციის სამინისტრო დგას. „ხშირად თავად სამინისტროს სახელიც კი წარმოადგენს პრობლემას. „სიტყვა „რეინტეგრაცია“ თავის მხრივ, იწვევს ინტეგრაციის შთაბეჭდილებას, რომლის შესახებაც აფხაზებსა და ოსებს მტკივნეული ასოციაციები აქვთ. ჩვენ მოგვიხდა, ფაქტობრივად შეჭიდება ისეთ საკითხთან, რომლის მიმართაც არაერთი მოუზომავი ნაბიჯი გადაიდგა. მაგრამ ახლა საუბარი იმაზე, თუ რა დააშავა წინა ხელისუფლებამ, არანაირი შედეგის მომტანი არაა. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს წინაშე წევს ავადმყოფი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, იგი მოჰყვა ავარიაში თუ მიიღო თვითდაზიანება. მისი ამოცანაა, ავადმყოფს უმკურნალოს. დაახლოებით ამგვარ მდგომარეობაში ვართ ჩვენც“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

სერგი საპანაძემ, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია რეფორმების ასოციაციას ხელმძღვანელობს, ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რა მიაჩნია წინა ხელისუფლების შეცდომად კონფლიქტების საკითხებზე მუშაობისას. მისი თქმით, ისეთი ტერმინების გამოყენება ოფიციალურ დოკუმენტებში, როგორიცაა მაგალითად „ოკუპაცია“, ართულებს დიალოგის პროცესს, თუმცა იგი იმასაც დასძენს, რომ მსგავსი ტერმინების გამოუყენებლობა სახელმწიფოსთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, აგრეთვე წამგებიანია. „დიალოგი სხვაა, კონფლიქტის მხარედ აღიარება არის სხვა. კვიპროსის მაგალითზე რომ ვთქვათ, კვიპროსი აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. ოკუპირებული რომაა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, ეს ობიექტური რეალობაა, მაგრამ არის ის შეფასებული, ოკუპირებულად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, არა, ვერა, ჩვენ ამას ვცდილობთ“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

კონფერენცია დღესაც გრძელდებოდა. დღევანდელ მომხსენებლებს შორის გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ირაკლი მენაღარიშვილი, სტრატეგულ გამოკვლევათა ინსტიტუტის წარმომადგენელი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ. კონფერენციას 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG