ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგვევლინება თუ არა "სამხრეთ ოსეთი" მომავალში რუსეთის ფედერაციის ნაწილად?


ცხინვალში მთავრობის ფორმირება საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნით დასრულდა

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მთავრობის ჩამოყალიბება დაასრულა და წინადადებები და დაპირებები, რასაც ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტების მიმართ გამოთქვამდა, სისრულეში მოიყვანა. არჩევნებამდე, მანამ, ვიდრე პრეზიდენტის ვინაობა საბოლოოდ გაირკვეოდა, თიბილოვმა, საკუთარი გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილ სახალხო დამცველსა და იმჟამინდელ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით სანაკოევს არაერთხელ შესთავაზა მის გუნდში გაეგრძელებინა მუშაობა. ანალოგიური ხასიათის წინადადებები, არჩევნების პირველ ტურში თითქმის ყველა კანდიდატის მიმართ დააფიქსირა. თიბილოვის მთავრობაში მაღალი თანამდებობები მიიღეს გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებული კანდიდატის, ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას თანაგუნდელებმა. ანატოლი ბარანკევიჩი სახელმწიფო აპარატის უფროსად დაინიშნა, აზა ხაბალოვა – ფინანსთა მინისტრად, როდიონ სიუკაევი –სახელმწიფო მრჩევლად სოციალურ საკითხებში, ცხინვალის რაიონის ხელმძღვანელის პოსტი კი ალან პლიევს, ასევე ჯიოევას თანაგუნდელს ერგო. თავად იგი კი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე მოგვევლინა. ორი დღის წინ მან განათლების მინისტრი თავად წარადგინა და განაცხადა: „დიდი პასუხისმგებლობაა ამ პოსტზე ხელახლა დანიშვნა“.

მთავრობის ფორმირება საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნით დასრულდა ცხინვალში. ეს პოსტი, დავით სანაკოევმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დაიკავა. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებაც მოასწრო, ისევე როგორც ალა ჯიოევამ. „სწორედ ასეთი მიდგომა, როდესაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობა წარმოდგენილია პოლიტიკურ–საზოგადოებრივი ძალების ღირსეული სპეციალისტების მთელი სპექტრის სახით, არის სახელისუფლებო ორგანიზაციის მყარი კონსტრუქცია სამხრეთ ოსეთში, სტაბილიზაციისა და პერსპექტივის თვალსაზრისით. სამხრეთ ოსეთის დღევანდელი ხელმძღვანელი წარმოადგენს საზოგადოების არა მხოლოდ ერთ ნაწილს, არამედ, პრაქტიკა წარმოგვიჩენს, რომ მზადაა იყოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი“,– ამბობს ერთ–ერთი ოსური ინტერნეტგამოცემა.

ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი, რაც დღეს ოსურ ინტერნეტ სივრცეში განიხილება, ესაა სამხრეთ ოსეთის, როგორც მომავალში რუსეთის ფედერაციის ნაწილად წარმოდგენა. თემამ აქტუალობა მას შემდეგ განსაკუთრებით შეიძინა, რაც ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტი, თეიმურაზ მამსუროვი რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ოსურ ინტერნეტგამოცემებში ამბობენ, რომ ამით რუსეთს სურს მაქსიმალურად ერთ სივრცეში მოაქციოს ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, რათა მომავალში, შესაძლებელი გახდეს მათი, როგორც მთლიანი ნაწილის დაკავშირება რუსეთის ფედერაციასთან. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის თაობაზე მსჯელობას მართლაც ფართო ასპარეზი აქვს. თუმცა იგი, სამხრეთ ოსეთს, რუსეთისთვის ვაჭრობის ობიექტად უფრო განიხილავს, ვიდრე მომავალში, როგორც ფედერაციის ნაწილს.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში სუვერენიტეტის საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილს მკაცრად მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთმა დღესაც, ისევე როგორც მომავალში, საკუთარი დამოუკიდებლობა ბოლომდე უნდა დაიცვას, მათ შორის რუსეთისგანაც.

XS
SM
MD
LG