ევროკავშირის და შეერთებული შტატების - მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკური კავშირი - საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, აცხადებს ჯონ კერი.
(Kerry ACT)
“ჩვენ, ორივეს მოწიფული ეკონომიკა გვაქვს, თუმცა სრულიად ახალ სამყაროში გვიწევს ფუნქციონირება. მასში ხარბი მადის მქონე ბაზარია, რომელშიც ადამიანები განსხვავებული თამაშის წესებით მოქმედებენ და ხანდახან საერთოდ არანაირ წესებს არ იცავენ“ - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, ეს ყოველივე კორპორაციის ხელმძღვანელებისთვის უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს.
„გამოწვევები განსხვავდება იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკა ჩავარდნის პირასაა. ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ხშირად პრობლემა იმაშია, რომ ამ ქვეყნების ლიდერები ძველი კანონების და შეხედულებების ტყვეობაში არიან. ზოგჯერ მიზეზი კულტურულ, რელიგიურ და მმართველობის სხვა ექსტრემალურ ფორმებში უნდა ვეძებოთ, რაც თანამედროვე ბაზარს პრობლემებს უქმნის“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და შემდეგ ისაუბრა დრამატულად ცვალებად ეკონომიკურ ლანდშაფტზე და იმ საშიშ უპირატესობაზე, რომელსაც მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ფლობენ.
„ინდოელების, ჩინელების, ბრაზილიელების, სამხრეთ კორეელების, მექსიკელების, თუ სხვათა ეკონომიკურ დაწინაურებას თან ახლავს გარემოს დაცვის წესების უგულვებელყოფა. ამასთან ერთად, ისინი პროდუქტის წარმოების დროს სტანდარტებს არღვევენ, მათ შორის მუშათა უფლებების, უსაფრთხოების სტანდარტებს - ყველაფერ იმას, რაც ცივილიზებული და განვითარებული საზოგადოების შექმნილია. რა პროდუქციაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მათი დაწინაურება კონკურენციას კიდევ უფრო ამწვავებს“.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, აღარავის უკვირს, თუ რატომ გაკოტრდა ბევრი ბიზნესი და რატომ აჯობა მათ ფასით მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პროდუქციამ, აღნიშნავს ჯონ კერი. დასავლეთი კონკურენტუნარიანობას იმიტომ კარგავს, რომ უფრო ტრადიციულად დამკვიდრებული წესებით მუშაობს.
სახელმწიფო მდივანი კითხვას სვამს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. როგორ უნდა დაიძლიოს ძველი ყაიდის ბიზნესის წარმოების სტილი ისე, რომ ფსკერზე ხოხვა და დაბალ ეშელონებთან კონკურენციაში ჩაბმა არ მოხდეს, სტანდარტები არ დავარდეს და თან ბიზნესები როგორმე გადარჩეს? ჯონ კერის აზრით, ერთ-ერთი ღირსეული გამოსავალი და სწორი კურსი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დიდი მონდომების ხორცშესხმა იქნებოდა. კერძოდ - შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის დადებული ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორული ხელშეკრულების დადება.
„სავაჭრო ხელშეკრულება, სწრაფი პროგრესის შემთხვევაში, დანარჩენ სამყაროზე განუზომელ გავლენას მოახდენს“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.
ანალიტიკოსების აზრით, წარმატებით განხორციელების პირობებში ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორული ხელშეკრულება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნას, განსხვავებული ფასების დარეგულირებას და ვაჭრობის გაფართოებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, ხელშეკრულება განამტკიცებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, გააძლიერებს სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ საწარმოებს, მცირე და საშუალო ზომის კერძო ბიზნესებს. ეს ყოველივე კი მთელ მსოფლიოში კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობის და ურთიერთთანამშრომლობის ღირებულებების დაწინაურებას გამოიწვევს.