წლების მანძილზე ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების პროგრამას „21 საუკუნის სოციალიზმს“ უწოდებდა. პრეზიდენტს არ აუხსნია ის, თუ რამდენად განსხვავდება სოციალიზმის ეს ვერსია 20 საუკუნის სოციალისტური ექსპერიმენტებისგან სხვა ქვეყნებში ან კლასიკური მარქსიზმისგან. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი ვენესუელას დედაქალაქ კარაკასს ეწვია, სადაც მან აღმოაჩინა, რომ ვენესუელას ბევრ მოქალაქეს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე თუ რას წარმოადგენს ჩავესის „21 საუკუნის სოციალიზმი.“
„მე ნამდვილად არ ვიცი სოციალიზმის ამ ფორმის შესახებ. მე ეს უბრალოდ არ მესმის. ალბათ ეს არის ის რაც მან თვითონ მოიგონა,“ აღნიშნავს პენსიაზე გასული ვენესუელელი ქალი.
თუ თქვენ რიგით ვენესუელელებს შეეკითხებით 21 საუკუნის სოციალიზმის განმარტების შესახებ, ბევრს ამ ცნების ახსნა გაუჭირდება.
„მე ამ სიტყვის ზუსტი განმარტება არ ვიცი. მე ვიცი, რომ მე პირადად ამ ცნების გამო დახმარება აღმომიჩნდა. ზოგი ამბობს, რომ სოციალიზმი დახმარებას, დაცვასა და ამგვარ საქმიანობას ნიშნავს,“ ამბობს კარაკასში მცხოვრები პენსიონერი.
თავის გამოსვლებში პრეზიდენტი ჩავესი სახელმწიფო აღმშენებლობის სოციალისტურ პროგრამას მხოლოდ ზოგადად განმარტავს.
„ეს ერი ყველას ეკუთვნის. ის ყველას საკუთრებას წარმოადგენს. საკუთრება კი თანაბრად უნდა განაწილდეს რათა საზოგადოებაში ჰარმონია სუფევდეს,“ აცხადებს ჩავესი.
აღსანიშნავია, რომ ჩავესი სოციალისტურ იდეალებს ქრისტიანობას უკავშირებს.
„ქრისტე ღარიბებზე ზრუნავდა და არა მდიდრებზე. ქრისტემ თქვა: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. კურთხეულ იყვნენ ღარიბები,“ აღნიშნა ერთ-ერთი გამოსვლის დროს ჩავესმა.
ვენესუელას იმ რიგით მოქალაქეებს შორის, ვისაც 21 საუკუნის სოციალიზმის იდეის ესმის, უმრავლესობა მას საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით განმარტავს.
„თანაბარი ხელფასი, რათა ყველა ერთ დონეზე ცხოვრობდეს. კეთილდღეობა და დოვლათის თანაბარი განაწილება ხალხში,“ აღნიშნავს კარაკასში მცხოვრები მამაკაცი.
ხოლო ვენესუელელ დიზაინერს ლესლი კონტრერასს ეს ცნება სულ სხვანაირად ესმის:
„21 საუკუნის სოციალიზმი ფაქტობრივად კომუნიზმს ნიშნავს. ანუ ყველა ერთ დონეზე უნდა იყოს. მდიდრები ქვეყანას ტოვებენ, ხოლო საშუალო კლასი კი ღატაკდება.“
პრეზიდენტი ჩავესი ამ ცნების ახსნას განგებ გაურბის. იგი მას რიტორიკული მოთხოვნილების მიხედვით იყენებს, აღნიშნავს პოლიტიკური მიმომხილველი ლუის ვინსენტე ლეონი. ლეონს მიაჩნია, რომ ვენესუელელების უმრავლესობას სულაც არ ადარდებს პოლიტიკური ტერმინოლოგიის მნიშვნელობა. მათთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ თუ რამდენად აკმაყოფილებს ჩავესის მთავრობა მათ უმთავრეს მოთხოვნილებებს.
„რა ადარდებთ ვენესუელელებს? ის, რომ მათ ჰქონდეთ საკვები, ჯანდაცვა, სამკურნალო საშუალებები, და ზოგადად მომსახურება. მათ სურთ, რომ ყოველივე ეს მათ ჰქონდეთ და მათ სულაც არ აინტერესებთ თუ როგორ მოემსახურებიან,“ აღნიშნავს ლეონი.
ჩავესის მომხრეები აცხადებენ, რომ 21 საუკუნის სოციალიზმი განვითარების მხოლოდ დაწყებით სტადიაშია.
„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ჩვენ სოციალიზმის გზას დავადექით, რაც ვენესულელებს შორის უფრო მეტ თანასწორუფლებიანობას ნიშნავს,“ აღნიშნავს კარაკასელი მამაკაცი.
მაგრამ ეკონომისტი ორლანდო ოჩოა წინასწარმეტყველებს, რომ დადგება დრო, როცა 21 საუკუნის სოციალიზმის მოდელი დაიმსხვრევა.
„21 საუკუნის სოციალიზმი ეს არის 20 საუკუნის მარქსისტული სოციალიზმის გამოცოცხლების მცდელობა. ამ პროცესს ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალებიდან აფინანსებენ. ზოგიერთი დამკვირებელი ამ პროცესს ჰუმანიზმთან, თანამშრომლობასა და სოციალურ სფეროში ინვესტიციების დაბანდებასთან აიგივებს. ყოველ შემთხვევაში სწორედ ასე წარადგენს ყოველივე ამას ვენესუელას მთავრობა. მაშასადამე რეალობასა და აღქმას შორის არსებული უფრსკული კვლავინდებურად შესავსები რჩება,“ დასძენს ოჩოა.
სავარაუდოდ, სანამ ეს მოხდება 21 საუკუნის სოციალიზმი ვენესუელაში პოლიტიკური დიეტის მთავარ კერძად დარჩება.