ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გრძელდება. „ჩვენ კარგად გვესმის ის ვალდებულებები, რის მოლოდინიც ჩვენგან არსებობს და ასევე ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი კონტრიბუციის ღირებულება.“
პრემიერმა ასევე ისაუბრა ამერიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე, რომელიც საერთაშორისო სამხედრო წვრთნებსაც მოიცავს.
„ჩვენ ასევე მადლიერები ვართ კონგრესის და თეთრი სახლის იმისთვის, რომ დააფასეს ჩვენი უსაფრთხოების დაუყოვნებელი საჭიროებები, ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად, დამატებითი დახმარების აღმოჩენით .“
პრემიერმა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო „მზადაა მეტი ინვესტიციებისთვის და მეტი ამერიკისთვის საქართველოში.“
Facebook Forum