ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ თავდაცვისა და შიდა პროგრამების დაფინანსების შემცირების შესაძლებლობის გამო. ბიუჯეტის სეკვესტრის წინადადებას შარშან კონგრესმა დაუჭირა მხარი. 2013 წლის 1 იანვიდან გათვლილი შემცირებები, სავარაუდოდ, ხელშესახებ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე, შიდა ინვესტიციებზე და მთავრობის წამყვან ფუნქციებზე.
სეკვესტრის დაწყებას მხოლოდ კონგრესის ხელახალი გადაწყვეტილება შეაჩერებს.
ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწერილ ანგარიშში თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრამები 9.4 პროცენტით მცირდება. შიდა დისკრეციული პროგრამები, ისეთები როგორიც არის სამეცნიერო კვლევები, სურსათის ინსპექცია, განათლების დეპარტამენტის პროგრამები და საზღვრის უსაფრთხოება 8.2 პროცენტით შემცირდება. ხელუხლებელი რჩება სამხედრო კადრებისა და ვეტერანების დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების პროგრამები, ისევე როგორც პენსიონრებისა და ხანდაზმულთა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.
2011 წლის აგვისტოში მიღწეული შეთანხმებით, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა წევრებმა სეკვესტრირებას დაუჭირეს მხარი. ეს ნაბიჯი აღიქმებოდა როგორც ერთგვარი მექანიზმი იმისათვის, რომ კონგრესს დეფიციტის შემცირებაზე დაეწყო სერიოზული ფიქრი და მოქმედება.
ამ ეტაპზე მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ ორივე პარტიაში ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს:
სეკვესტრი ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებზე უარყოფითად აისახება, შედეგად მხოლოდ ჩვენს შტატში 200,000 სამუშაო ადგილი დაიკარგება, - ამბობს კონგრესმენი რობერ ვიტმანი ვირჯინიის შტატიდან
დემოკრატები, თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკურ უმრავლესობას უმოქმედობაში სდებენ ბრალს.
„კონგრესი ნოემბრის არჩევნების დასრულების შემდეგ შეიკრიბება. შესაბამისად, ამ საკითხზე არც კი იმსჯელებს ნოემბრის ბოლომდე. რესპუბლიკელებს არ აღელვებთ ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე. ამასთან, დაიკარგება მილიონობით სამუშაო ადგილი," - ამბობს დემოკრატი სენატორი ჯიმ მორანი.
ცნობისთვის, კონგრესი ბოლო ორი წელია სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებისა და საგადასახადო შეღავათების საკითხზე ვერ შეთანხმდა. დემოკრატები თვლიან, რომ გადასახადები პროპორციულად უნდა გაეზარდოთ მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს, რაც ეროვნული ვალის შემცირებას შეუწყობს ხელს. რესპუბლიკელები უარს აცხადებენ, გადასახადების გაზრდას დაუჭირონ მხარი და ნაცვლად ამისა, ისინი შიდა პროგრამების დაფინანსების შემცირებას ანიჭებენ უპირატესობას. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ შიდა პროგრამების შემცირება და გადასახადების გაზრდის საფრთხე ამერიკის ეკონომიკას ვნებს.
ეკონომისტი ბობ კოსტელო ამასთან დაკავშირებით თვლის, რომ:
„ფისკალური პრობლემების არსებობის დიდმა ალბათობამ ადამიანებს რისკზე წასვლისგან თავის შეკავება ასწავლა. ბიზნეს ფირმებს, კი არნაირი სურვილი აღარ აქვთ მეტი მუშა-ხელი დაიქირავონ, რადგან ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ შემცირებული დაფინანსებისა და გადასახადების გაზრდის შემთხვევაში, საერთოდ გადარჩენას თუ მოახერხებენ.“
პროგრამების დაფინანსება, სავარაუდოდ, მომავალი ცხრა წლის განმავლობაში ამერიკის უსაფრთხოების, მშენებლობისა და ამერიკული დიპლომატიური უწყებების დაცვის სამსახურს 129 მილიონი დოლარით შემცირებს. გასულ კვირას, ლიბიაში, ეგვიპტესა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამერიკის საელჩოებზე მომხდარი თავდასხმების კონტექსტში, ამერიკელი კანონმდებლები, მოსალოდნელია, რომ მეტ ყურადღებას დაუთმობენ ამ საკითხს.
და ბოლოს, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სეკვესტრირება საკმაოდ უძლური ინსტრუმენტია, რომელსაც წარმატების შანსი არც თავიდან ჰქონდა. ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ კონგერესის მიერ შარშან ხელმოწერილი 400 გვერდიანი დოკუმენტი კანონმდებელებს საარჩევნო წელს მაინც მეტ მოტივაციას მისცემს სეკვესტრით გამოწვეული პრობლემების დასანახად.